LIVE
ვიდეო
23 მაი, 2022 22:19
საქართველოში ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 15.3%-მდე გაიზარდა
1574

საქართველოში აღურიცხავი, ანუ ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 2021 წელს 1.6 პროცენტული პუნქტით 15.3%-მდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი არაფორმალური ეკონომიკის წილი ტურიზმის, ჯანდაცვის, გართობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებშია.

კერძოდ, უწყების მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განთავსების საშუალებების და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგში 55.2%-ია, გართობისა და დასვენების სექტორში 26%, ხოლო ჯანდაცვის სექტორში 23%.

როგორც საქსტატში განმარტავენ, აღურიცხავი ეკონომიკის დათვლის მეთოდოლოგია ითვალისწინებს ისეთი პირების საქმიანობას, რომლებიც რეგისტრაციას თავს არიდებენ და შესაბამისად, არც ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს, ამასთან, მოიცავს ისეთ პირებს, რომლებიც არ არიან ვალდებულები დარეგისტრირდნენ, თუმცა საკუთარი საქმიანობიდან გარკვეულ შემოსავალს იღებენ.

„დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი მოიცავს ე.წ ფარულ ეკონომიკას, როდესაც პირებს რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ და შემოსავლები არ აქვთ დეკლარირებული. ასეთი პირები არიან მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები, ბაზარზე და ბაზრობებზე მოვაჭრეები. ეს მაჩვენებელი მოიცავს ასევე პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ისინი შემოსავალს იღებენ. ასეთი პირები შეიძლება იყვნენ ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები. 2020 წელთან შედარებით დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი გაზრდილია და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ტურიზმის დარგშია, ყველაზე დაბალი კი ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებში“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 2021 წლის მონაცემებით, არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 28.8%-ს აღწევდა, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 22.5% იყო, ხოლო კაცებში - 34.2%.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ