LIVE
ვიდეო
20 მაი, 2022 11:35
პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე 19.4%-მდე შემცირდა - საქსტატი
1053

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4% შეადგინა.

პირველ 3 თვეში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2% იყო. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.2 და 2.9 პროცენტული პუნქტით.

2022 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1%-ს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის ინფორმაციით, I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში, 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალი იყო კაცებში. I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.1%-ს, ხოლო კაცებში 62.5%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.5 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე კი 2022 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.6 და 3.6 პროცენტული პუნქტით. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6% შეადგინა. ეს 2017 წლის შემდეგ უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ