LIVE
ვიდეო
17 მაი, 2022 12:47
აპრილში კომპანიებს საწვავის 25-30 თეთრით იაფად გაყიდვა შეეძლოთ - მონიტორინგის შედეგები
2278

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, აპრილში მსხვილ კომპანიებს შეეძლოთ, რომ ტაბლოზე აესახათ საწვავის სააქციო ფასი, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ აპრილში კომპანიები სოლიდურ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ მომხმარებლებს. მაგალითად, „გალფი“ კლუბის ბარათის გამოყენებით მომხმარებელს 25 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობდა, „ვისოლის“ ქსელში კი ფასდაკლება 25-დან 30 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. „ლუკოილის“ ბარათის მფლობელებისთვის 30 თეთრიანი ფასდაკლება იყო შეთავაზებული. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, აპრილში კომპანიებს საწვავი 25-30 თეთრით იაფად გაყიდა შეეძლოთ.

როგორც ლექვინაძე განმარტავს, სექტორთან შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ფასების კორექტირების დაგვიანებაა, რამდენადაც მსხვილმა კომპანიებმა ფასების 4-10 თეთრით შემცირება მაისში დაიწყეს, მაშინ როდესაც ამისი რესურსი აპრილშიც ჰქონდათ.

„აპრილში, განსაკუთრებით მსხვილი კომპანიები ლოიალურობის ბარათის გამოყენებით მომხმარებლებს სოლიდურ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ. მაშინ, როდესაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს ტაბლოს ფასი ყოფილიყო, რაც იქნებოდა აბსოლუტურად ნორმალური და იმ წინა კვარტლების მსგავსი სიტუაცია, როდესაც ჩვენ მონიტორინგის ანგარიშებში აღნიშნულ ბაზარს ვაფასებდით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მარტი-აპრილის პერიოდში საწვავზე მოგების მარჟა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2021 წელს მოგების მარჟები ოპტიმალურ პროცენტებში იყო. თუმცა მარჟები, განსაკუთრებით ზოგიერთი ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ზრდა განსაკუთრებით ფიქსირდება მარტი-აპრილის პერიოდში. მაგალითად, არაევროპული საწვავის შემთხვევაში 19-22%-ია. ევროპული საწვავის შემთხვევაში ცოტა უფრო ნაკლები, თუმცა აქაც გარკვეული სურათია. მაგალითად, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავი საცალო ქსელში ბევრად ძვირად შედის, საბაჟო საწყობიდან კი ბევრად იაფად გაედინება. შესაძლებელია, რომ ეს საწვავი საცალო ქსელში იაფად შევიდეს და ფასი საგრძნობლად დაბალი იყოს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. ამასთან, მონიტორინგმა აჩვენა, რომ გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.

სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საწვავის გაიაფება მნიშვნელოვანია და ამ მიზნით განიხილება იაფი წყაროებიდან მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ