LIVE
ვიდეო
12 იან, 2022 16:29
წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება - „მსოფლიო ბანკი“
1266

„მსოფლიო ბანკის“ განახლებული პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ზრდა 10.5% იქნება, ხოლო 2023 წლისთვის 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება პროგნოზს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, „მსოფლიო ბანკის“ პროგნოზით 2022 წელს სომხეთის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება, რუსეთის 2.4%-ით, აზერბაიჯანის 3.1%-ით, ხოლო თურქეთის ეკონომიკა - 2%-ით.

„მსოფლიო ბანკის“ უახლესი ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა დაახლოებით 3.8%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი 2.3%-ით. რაც შეეხება გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, 2022 წელს 4.1%-იანი, 2023 წელს კი 3.2%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

"მსოფლიო ბანკის" შეფასებით, ომიკრონის სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით,  უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში.

„იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID-19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია“,- აღნიშნულია ანგარიშში.

„მსოფლიო ბანკი“ მიუთითებს, რომ პანდემიამ ნაწილობრივ გაზარდა გლობალური უთანასწორობა შემოსავლების ნაწილში. COVID-19-მა ასევე გამოიწვია უთანასწორობის ზრდა ადამიანის საქმიანობის ბევრ სხვა სფეროში - ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით; განათლებასთან და ჯანდაცვასთან წვდომის კუთხით; სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დაკარგვის მიმართულებით და ა.შ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უთანასწორობის მაჩვენებელი ქალებისა და დაბალი დონის უნარ-ჩვევების მქონე არაოფიციალური მუშაკების შემთხვევაში უფრო მაღალია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ