LIVE
ვიდეო
12 იან, 2022 18:10
კონკურენციის სააგენტო: საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეებმა კერძო დაზღვევის გამოყენებაც უნდა შეძლონ
823

კონკურენციის სააგენტო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ბარიერების მოხსნის საჭიროებაზე მიუთითებს.

კერძოდ, სააგენტო მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ, ასევე უნდა შეძლონ კერძო დაზღვევის რიგი პაკეტების, მათ შორის მედიკამენტების კომპონენტის გამოყენება. ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშშია ასახული.

ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, პირი ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია - ამბობს სააგენტო.

უწყების შეფასებით, ე.წ „შემავსებელი“ პაკეტების შემოღება მოსახლეობის დანახარჯებს მედიკამენტებზე მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩვენს ანგარიშს დავამატეთ რეკომენდაცია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ე.წ „შემავსებელი პაკეტები“ შესთავაზონ, მათ შორის მედიკამენტების ნაწილში. სადაზღვევო კომპანიების ინტერესია, რომ მაქსიმალურად ხარჯთეფექტურად მიაწოდონ მომხმარებელს სერვისი და ამ შესაძლებლობის გაჩენა, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების შესამცირებლად“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2017 წელს შესული ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამით და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობა აღარ შეუძლიათ. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის ინიციატივით თავად სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ