LIVE
ვიდეო
11 იან, 2022 15:54
ბიზნესი: კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე, სოციალურად დაუცველების დასაქმება გაჭირდება
1491

"თუ სოციალურად დაუცველების კვალიფიკაცია არ ამაღლდება, ბიზნესს მათი დასაქმება გაუჭირდება", აცხადებს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. 

მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ევროპული მოდელი ქართულ რეალობაზე იყოს მორგებული. კერძოდ, ბიზნესს, რომელიც კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის, სურს, სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსი უფრო მეტად პროფესიულ განათლებაზე დახარჯოს. 

"ამ ადამიანებმა თუ არ დაიწყეს გადამზადება, ბიზნესს მათი დასაქმება გაუჭირდება. შეიძლება სახელწმიფომ შემწეობის ნაცვლად გადაუხადოს კონკრეტული თანხა, დაარქვას ხელფასი და დავაყენოთ, მაგალითად, მეველედ, მაგრამ მხოლოდ ის, რომ იმ კვალიფიკაციით ბიზნესმა დაასაქმოს, ალბათ, გაჭირდება," განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 10 იანვრის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი ევროპიდან დაბრუნდა და რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, მთავრობამ პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველების დასაქმება იანვრის ბოლომდე დაიწყება.

რა მოდელით აპირებს ხელისუფლება მოქალაქეების დასაქმებას, ან მეტწილად საჯარო, თუ მეტწილად კერძო სექტორში, კვლავ უცნობია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც, მისივე თქმით, სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ