LIVE
ვიდეო
03 დეკ, 2021 19:30
ნარმანია: "ინტერ რაო" ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას - სემეკი მათი წესებით არ მუშაობს
1107

სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, 2014 წელს სემეკმა, „ინტერ რაოს“ ტარიფი ევროპული მეთოდოლოგიით დაუდგინა.

„მარეგულირებელი კომისია 2014 წელს გადავიდა ტარიფის დადგენის ახალ, უფრო ცივილურ მეთოდზე, როგორიც არის ევროპული ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია და უარი თქვა ტარიფების დადგენის ძველ და მახინჯ ფორმაზე. გამომდინარე აქედან, ტარიფი სწორედ ახალი მიდგომით და მეთოდით იქნა დათვლილი. მაშინ რთული იყო იმის პროგნოზირება, რომ მხარე ამ საკითხს არბიტრაჟში გაასაჩივრებდა, თუმცა გაასაჩივრეს. არბიტრაჟს ბოლომდე მიყვნენ შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი თანხა იყო მოთხოვნილი, თუმცა ნაკლები დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ არის ბოლო ინსტანცია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკ-ის თავმჯდომარის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ, აღნიშნული მეთოდოლოგიით ტარიფები არაერთხელ დადგინდა.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ დღეს ეს მეთოდოლოგია ყველაზე გამართული და აპრობირებულია. ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა დავა აქამდე არავის მოუგია, იმიტომ რომ მარეგულირებელი კომისია აღნიშნული მეთოდოლოგიით, ძალიან გამჭვირვალედ, კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს“, - ამბობს დავით ნარმანია.

სემეკ-ის თავმჯდომარის თქმით, რუსული კომპანია ტარიფის გადახედვას და ზრდას ყოველთვის ითხოვს, მაგრამ მარეგულირებელი კომისია „ინტერ რაოს“ დღის წესრიგით არ მუშაობს.

„მარეგულირებელ კომისიას აქვს მისი დღის წესრიგი. აქამდე ჩვენი დღის წესრიგით ვხელმძღვანელობდით და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აცხადებს სემეკ-ის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდ და ქართულ მხარეს, კომპენსაციის სახით, 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. საქართველომ სტოკჰოლმის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ