LIVE
ვიდეო
28 ოქტ, 2021 19:15
ეროვნული ბანკი: სავალუტო სესხების ზრდა საყურადღებოა
1110

ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპი აშფოთებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, გაზრდილ დაკრედიტებაში, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაზრდილი წვლილი განსაკუთრებით საყურადღებოა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სავალუტო სესხების ზრდა მონეტარული პოლიტიკის მუშაობას აფერხებს. შესაბამისად, კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ მარეგულირებელს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაზღუდად რაიმე დამატებითი მექანიზმების გამოყენება მოუწიოს.

„ძლიერი საკრედიტო აქტივობა ეკონომიკისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა ეს ინფლაციის შემცირებას ხელს უშლის. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები უფრო სწრაფად იზრდება და ეს ხელისშემშლელია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მუშაობისთვის. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, თუ იქნება რამის გაკეთება აუცილებელი უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის გამო წელს ეროვნულ და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, ამ დროისთვის ლარის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 18%-ს სცდება. უცხოურ ვალუტაში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთები 6.5%-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაზრდილია და 48%-ს შეადგენს. თუმცა ასევე მზარდია უცხოური ვალუტით დენომინირებული საკრედიტო პორტფელიც და სექტემბერში სავალუტო სესხების წლიური ზრდის ტემპი 6.8% იყო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ