LIVE
ვიდეო
21 ოქტ, 2021 20:27
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ დონეს ისევ ჩამორჩება
1091

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 162 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამურად კი 9 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 866 მლნ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის 9 თვის მონაცემებზე 73%-ით მეტია. თუმცა 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენა კვლავ ნელი ტემპით მიმდინარეობს და კლება 67%-ია. კერძოდ, შარშან 9 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 498 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2.58 მლრდს აჭარბებდა.

გაუარესებული ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში, ვიზიტორების ნაწილმა უკვე დაიწყო ჯავშნების გაუქმება. შესაბამისად, ზამთრის ტურისტულ სეზონთან და მთლიანად დარგის აღდგენასთან დაკავშირებული მოლოდინები სულ უფრო უარესდება.

„დარჩენილ სამ თვეში რაიმე პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. ჯერჯერობით კვლავ არ გვაქვს სრული ინფორმაცია, რა პირობებით გაიხსნება ზამთრის კურორტები. ასევე ვხედავთ, რომ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე რიგი ქვეყნებიდან ჯავშნები უქმდება და არც დიდი ოდენობით ახალ ნაკადებს ველით. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით სავარაუდოდ, მხოლოდ 30%-ით აღდგება“,- განაცხადა "ბიზნეს ფორმულასთან" "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, წელს 2019 წელთან შედარებით ტურიზმის შემოსავლები 50%-ით აღდგენილიყო. 2019 წელს კი საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 3.2 მლრდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ