მომავალ წლებში მთავრობა კაპიტალურ, ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გასაწევ ხარჯებს შეამცირებს. მიზეზი ერთ-ერთი მთავარი საბიუჯეტო პარამეტრის, დეფიციტის კანონით დადგენილ ჩარჩოებში მოქცევაა.
სწორედ ამ მიზეზით, მთავრობამ უკვე განსაზღვრა იმ კაპიტალური პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც სავარაუდოდ, გადავადდება. მსგავს პროექტებს შორისაა ისეთი საგზაო ინფრასტრუქტურა როგორიცაა ბათუმი-სარფის მონაკვეთი, სადახლოს მონაკვეთი, წითელი ხიდის მიმართულება.
კერძოდ, თუკი მომავალ წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა ჯამში 5.5 მლრდ ლარი ანუ მშპ-ს 8,5% იქნება, 2023 წელს მთავრობა კაპიტალურ პროექტებში უფრო ნაკლებ თანხას, 4.9 მლრდ ლარს, ანუ მშპ-ს 7%-ს დახარჯავს. ეს მაჩვენებელი 2024 წელს ასევე 7%-ის ფარგლებში იქნება.
სპეციალისტები ეკონომიკურ ზრდაზე მსგავსი ხარჯების შემცირების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ და მთავრობას ურჩევენ, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაცვლად, ეკონომია სხვა მიმართულებით გააკეთოს.
„როდესაც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე ვსაუბრობთ, აქ მთავრობას შეეძლო მიმდინარე ხარჯები და ასევე სხვადასხვა პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები შეეკვეცა. თუმცა როგორც ჩანს, მთავრობამ უფრო მარტივი გამოსავალი იპოვა და მომავალ წლებში კაპიტალური პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებს ამცირებს. გამოდის, რომ ბიუჯეტი სულ უფრო სოციალურად ორიენტირებული ხდება, რასაც ეკონომიკურ აქტივობასა და ზრდაზე დადებითი გავლენა ვერ ექნება“,- განაცხადა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კაპიტალური პროექტების მიმართულებით ხარჯების შემცირების საკითხზე მიმდინარე კვირას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და მიზეზად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დაასახელა. მომავალ წელს დეფიციტი 4.3%-მდე შემცირდება, უკვე 2023 წელს კი მთავრობა ელის, რომ ეს პარამეტრი კანონით დადგენილ 3%-იან ნიშნულს ჩამოსცდება.