LIVE
ვიდეო
15 ოქტ, 2021 20:10
ბიზნესი გაკოტრების ახალ კანონს ჯერჯერობით აქტიურად არ იყენებს
1939

ქვეყანაში უკვე მეშვიდე თვეა გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი აღნიშნული კანონის მიღებას რამდენიმე წელი ელოდა, კომპანიების მხრიდან საწარმოს გაკოტრებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმართვიანობა დაბალია.

დარგის წარმომადგენლების თქმით, მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. მათ შორის სახელდება ინფორმაციის ნაკლებობა და კერძო სექტორის მხრიდან პროცესებისადმი ნაკლები ნდობა.

ამასთან, ირკვევა, რომ პროცესში გარკვეული ხარვეზებიც ფიქსირდება. კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი კომპანიის აქტივები არ ყადაღდება. თუმცა დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ აღნიშნული ღონისძიება კომპანიის მიმართ მაინც გამოიყენა.

„გვქონდა მოლოდინი, რომ მითუმეტეს პანდემიის ფონზე, როდესაც ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემა შეექმნა, უფრო მეტი საწარმო ისარგებლებდა ამ კანონით მინიჭებული შესაძლებლობებით. თუმცა ძველი კანონიდან გამომდინარე, ბიზნესს ამ პროცესების მიმართ როგორც ჩანს, კვლავ ნაკლები ნდობა აქვს. აუცილებელია კერძო სექტორის მეტი ინფორმირება და ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტროს აქტიური ჩართვაც. გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ეკონომიკური რეფორმების ნაწილია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ბევრი კომპანიის ქონება დაყადაღებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს აქტივები ეკონომიკურ ბრუნვაში არ გამოიყენება“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" მმართველი პარტნიორმა, ლაშა ნოდიამ.

ცნობისთვის, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა. კანონის მიზანია, რომ კომპანიების გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესი უფრო ეფექტური გახდეს, შესაბამისი ვადები და ხარჯები კი შემცირდეს. ამასთან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად 18 ახალ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს ავტორიზაცია უკვე მიანიჭა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ