LIVE
ვიდეო
14 ოქტ, 2021 21:00
ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლოა, ინდექსაციის მოდელი ამოქმედდეს
1547

ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლოა, ინდექსაციის მოდელი ამოქმედდეს, რაც ნიშნავს, რომ თუკი სამშენებლო პროდუქციის ფასები შეიცვლება, მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებაც დაკორექტირდება. კერძო სექტორი საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აწარმოებს.

როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, საკითხი მას შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური, რაც ბოლო პერიოდში კონტრაქტორ კომპანიებს სამშენებლო მასალების გაძვირების გამო პროექტების ღირებულება მკვეთრად გაეზარდათ. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსგავსი მოდელი არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და აღნიშნული სქემა ფასების კლების შემთხვევაში კონტრაქტების ღირებულების შემცირებასაც ითვალისწინებს.

“ვალუტის კურსის და ასევე საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება საკმაოდ ხშირია და ეს ყველაფერი საბოლოოდ სამშენებლო მასალების ღირებულებაზეც აისახება. უკვე არაერთი პროექტის მაგალითი გვაქვს, რომლის ღირებულებაც სწორედ პროდუქციის გაძვირების გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა სწორედ ინდექსაციის მოდელის დანერგვაა. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, კონტრაქტების ღირებულება სწორედ ბაზარზე არსებული რეალობის მიხედვით შეიცვალოს“,- განაცხადა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა.

ინდექსაციის მოდელის პარალელურად, ინფრასტრუქტურული კომპანიები სამინისტროსთან 619-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხსაც განიხილავდნენ. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, კომპანიებს კურსთაშორისი სხვაობა უნდა ანაზღაურებოდათ. თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით, დადგენილებაში ჩადებული პირობების გამო კომპანიები შესაბამისი შეღავათით ვერ სარგებლობდნენ. როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, მხარეებს შორის ანაზღაურების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა და კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ დადგენილი შეღავათით სარგებლობას უახლოეს ხანებში შეძლებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ