LIVE
ვიდეო
23 სექ, 2021 12:42
წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა
936

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. დებულების თანახმად, ამერიკელები ვეღარ შეიძენენ ან გაყიდიან რუსეთის მიერ ახლად ემიტირებულ სავალო ფასიან ქაღალდებს მეორად ბაზრებზე. ამ ნაბიჯით შტატები მოსკოვს არჩევნებში ჩარევისთვის სჯის.

კალიფორნიის დეპუტატის, ბრედ შერმანის მიერ შემუშავებული ზომები თავდაცვის პოლიტიკის ყოველწლიურ კანონპროექტში ჩაიდება, რომელსაც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს წარმომადგენელთა პალატა ფართო ორპარტიული მხარდაჭერით მიიღებს. დებულება იწვევს ინვესტორთა შიშს რუსეთში შესაძლო ახალი შეზღუდვების შესახებ.

"მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული კანონი არც იმდენად ცუდია, რამდენადაც არსებული ობლიგაციების პირდაპირ აკრძალვა, ეს ნამდვილად პრობლემაა”,- ამბობს  ტორონტოს Dominion ბანკის განვითარებადი ბაზრების სტრატეგიის ხელმძღვანელი, საშა ტიჰანი. მისი შეფასებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური ხარჯების ზრდა რუსეთისთვის, განსაკუთრებით ბაზრის შოკების დროს.

შერმანის რეგულაციის თანახმად, აკრძალვა შეეხება რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის, ეროვნული სიმდიდრის ფონდისა და ფედერალური ხაზინის მიერ ნებისმიერ ვალუტაში ემიტირებულ ობლიგაციებს.

შეერთებული შტატების ამჟამინდელი სანქციები კრძალავს რუსეთის ახლად ემიტირებული სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენას, მაგრამ არ მოქმედებს მეორად ვაჭრობაზე. აპრილის შემდეგ პირველად, მიმდინარე თვეში უცხოური კაპიტალის წილმა რუსულ ობლიგაციებში 20%-ს გადააჭარბა.

კანონმდებლობა ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს, წარადგინოს ანგარიში მომავალ შუალედურ და საპრეზიდენტო არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ. შემდეგი შუალედური არჩევნები 2022 წელს ჩატარდება, ხოლო 2024 საპრეზიდენტო არჩევნების წელია. დაზვერვის ანგარიშის მიღების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეაჩეროს სანქციები, თუ გააგრძელოს მისი მოქმედება.

რეგულაციის წინააღმდეგია აშშ-ის სავაჭრო პალატა და ამტკიცებს, რომ ეს ზღუდავს ამერიკული ბანკების შესაძლებლობას, მოემსახურონ კორპორატიულ კლიენტებს რუსეთში.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიზნად ისახავს რუსეთის მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესებას, ის გავლენას მოახდენს გლობალურ ბაზრებზე სახსრების შეგროვების უნარზე და ამავე დროს, სერიოზულად დააზიანებს ამერიკული კომპანიების საქმიანობას რუსეთში”,- განაცხადა ნილ ბრედლიმ, პალატის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე კვირაში ასევე დაამტკიცა თავდაცვის კანონპროექტის შესწორება, რომელიც ითვალისწინებს ახალ სავალდებულო სანქციებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის დაგეგმვაზე, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში შესვლაზე რუსეთიდან გერმანიამდე. Nord Stream 2 ამჟამად მარეგულირებელი ორგანოს ნებართვას ელოდება. 13 სექტემბერს გერმანიის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ პროცესს შეიძლება ოთხი თვე დასჭირდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: როქსანა ტირონი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ