ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz air ახალ მიმართულებებს ამატებს. 16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.
ამასთან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონას, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.
სამინისტროს ცნობითვე, საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები, რომელიც პანდემიის დაწყებისას შეწყდა, ნოემბრიდან პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით აღდგება.
რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქს, ვენის მიმართულებით რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება.
ბერლინში მოხვედრა კი ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.