LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 18:40
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადება განახლდება
944

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების პროგრამა იწყება. შესაბამისი დოკუმენტი უკვე მზადაა და როგორც ირკვევა, სასწავლო პროცესს პრაქტიკული ნაწილიც ემატება. მათ შორის, მშენებლობისა და მძიმე მრეწველობის სექტორებში. 

კერძოდ, თუ პირი 230 საათიან აკადემიურ სწავლებას აირჩევს, მან 97 საათი პრაქტიკულ ნაწილს უნდა დაუთმოს, 148 საათიანის შემთხვევაში კი 40 საათი პრაქტიკული ნაწილი უნდა იყოს. საათების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, სად სურს სპეციალისტს დასაქმება: დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე თუ მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე. 

" სასწავლო დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერზე, მათ შორის, მსმენელთა უსაფრთხოებაზე, რაც რთული და საპასუხისმგებლოა. ეს  კანონმდებლობასთან თანხვედრაში არაა, რადგან ნებისმიერ ობიექტზე დამსაქმებელია პასუხისმგებელი იქ მყოფ ვიზიტორზე. ეს ბრძანება კი გვეუბნება, რომ სასწავლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს იმ მსმენელების უსაფრთხოება, რომლებსაც პრაქტიკაზე მიავლენს. ეს პრობლემებს შექმნის ზოგიერთი ტიპის ორგანიზაციაში, როგორებიცაა მშენებლობა, მძიმე მეწარმეობა, შახტები და ა.შ.",- აცხადებს OSHE Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ნიჟარაძე

განახლებული პროგრამის მიხედვით, მთლიანად იცვლება საგამოცდო პირობები, რომელსაც შრომის ინსპექცია გადაიბარებს. გამოცდების ჩასატარებლად ინტერესთა გამოხატვა ცალკე გამოცხადდება, პროცესი კი ვიდეო კამერით ჩაიწერება, რომელიც შრომის ინსპექციას გადაეცემა და 3 თვის მანძილზე შეინახება.

დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნებულია და ბრძანება 10 ოქტომბრიდან ამოქმედდება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციაში ან საგამოცდო ცენტრში შრომის ინსპექცია წესების დარღვევას დაადგენს, ის რეკომენდაციით შემოიფარგლება, განმეორების შემთხვევაში კი ორგანიზაციებს სტატუსი შეუჩერდებათ. 

შრომის კოდექსის მიხედვით, 2019 წლიდან კომპანიები ვალდებულები არიან, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აიყვანონ. სპეციალისტების გადამზადების პროცესი კი 2019 წლის დეკემბერში შეჩერდა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ