ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა გამართლებულად მიიჩნევს. მისი შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებით ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდას მიანიჭა
„როგორც კი გაჩნდა ინფლაციის საკმაოდ მაღალი მოლოდინები და ნელ-ნელა ეს მოლოდინები რეალობაზე აისახა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამან მიგვიყვანა რეფინანსირების 10%-იან განაკვეთამდე. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება, ალბათ განპირობებულია იმით, რომ მისი კიდევ უფრო გაზრდა უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის ბალანსის დაცვისას უპირატესობა ამ უკანასკნელს მიენიჭა. ჩემი აზრით ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინფლაციის დარეგულირება“,- აღნიშნა პაპავამ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.
პაპავას განცხადებით, ქვეყნის მაღალი იმპორტდამოკიდებულებისა და დოლარიზებული ეკონომიკის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გავლენა ინფლაციაზე შეზღუდულია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ეროვნული ბანკის ოპტიმიზმი, როცა ის მომავალი წლის გაზაფხულზე ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნების პირობას იძლევა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ს შეადგენს.