ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კლინიკებში ე.წ. გეგმიური სერვისები უნდა შეჩერდეს, თუმცა თავად კლინიკების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან.
რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინისტრის ამ გადაწყვეტილებით მეტი საწოლი განთავისუფლდება covid-19-ით ინფიცირებულებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრსა და კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, გეგმიური სერვისების შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა.
„არც დაწყების თარიღი ვიცით ზუსტად და შესაბამისად, არც დასრულების თარიღი. ჯერ მასზე საუბარი არ ყოფილა და ეს ალბათ დამოკიდებულია შემთხვევების რაოდენობის დინამიკაზე. ეს ყოველდღიური პროცესია - ვიღაც მოდის, ჩვენ ვაგზავნით დოკუმენტაციას, შემდეგ განიხილება დაფინანსების საკითხი. ანუ, ეს პროცესი გაგრძელდა და ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება ხვალ და ზეგ მოგვიწიოს, მოსახლეობას გამოვუცხადოთ, რომ ე.წ. გეგმიური მომსახურება შეჩერებულია“,- აცხადებს "მედალფას" დირექტორი, გიორგი ამბროლიანი.
„ბიზნეს ფორმულა“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ინფორმაცია დაგვიდასტურეს და აღნიშნეს, რომ გეგმიური სამედიცინო მომსახურების შეჩერებაზე ცვლილება მიღებულია და ის 36-ე დადგენილებაში უნდა აისახოს, თუმცა ახლა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რასაც დამატებით 2-3 დღე დასჭირდება. უწყების განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება, მხოლოდ ონკოლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემების მქონდე პაციენტებს.