LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2021 15:00
ევროკავშირი ბელარუსს დამატებით სანქციებს დაუწესებს
728

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნები ბელორუსისთვის სანქციების ახალ სერიას აანონსებენ. სანქციები შეეხება ეკონომიკის რიგ სექტორებს, მათ შორის ნავთობისა და პოტაშის ინდუსტრიას, ასევე 86 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, დღეს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, შეხვედრაზე დამტკიცდება ზომები, რომლებიც კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს შეეხებათ, ასევე განიხილება სანქციების ცალკეული პაკეტი, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე მიმდინარე კვირის ბოლოს წარედგინება.

“სანქციები ბელორუსის მთავრობაზე ზეწოლის საშუალებაა და ეს სერიოზულად დააზიანებს ბელორუსის ეკონომიკას”,- ამბობს ბორელი.

ეკონომიკური სანქციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა, პოტაშის გაყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყოს.

ნიადაგის საკვები ნივთიერება ბელორუსის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი და ქვეყნის ერთადერთი უხვი მინერალური რესურსია.

სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის მონაცემებით, ბელორუსში იანვარ-აპრილში პოტაშის სასუქის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 18%-ით გაიზარდა და $834 მილიონი შეადგინა. გასულ წელს, პოტაშის გადაზიდვებმა ქვეყანას $2.4 მილიარდი მოუტანა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე შალენბერგის თქმით, ეკონომიკური სანქციები გავლენას მოახდენს შვიდ სექტორზე, მათ შორისაა, კალიუმის ფოსფატი, ფინანსები და იარაღის ემბარგოს შემდგომი გაძლიერება. 

ბლოკს უკვე სანქცირებული ჰყავს 7 ორგანიზაცია და 88 პირი, მათ შორის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო. ახალი სანქციები და პიროვნებათა ჩამონათვალის გაფართოება ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას უკავშირდება.

გაზრდილ სიაში შედიან მოსამართლეები, მინისტრები, დეპუტატები, საჰაერო ძალებისა და მაღალი რანგის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები და რეჟიმის მხარდამჭერი კომპანიები.

მიმდინარე თვის დასაწყისში წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ Raynair-ის ლაინერის გატაცების შემდეგ, ევროკავშირის ავიაკომპანიები ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ალიაქსანდრ კუდრიცკი და ჯონ ფოლეინი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ