LIVE
ვიდეო
17 ივნ, 2021 14:25
5 თვეში კრიპტოვალუტის მწარმოებლებმა 183 მლნ.კვტსთ. ელექტროენერგია მოიხმარეს
1815

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის 5 თვეში პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული კრიპტოვალუტის მწარმოებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების 3.1%-ს შეადგენს და ჯამში 183 მილიონი კილოვატ საათია. მოხმარების ეს რაოდენობა კრიპტოვალუტის მხოლოდ სამ მსხვილ მწარმოებელზე მოდის და მათგან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის (159.5 მლნ.კვტსთ.) ელექტროენერგია შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯიამ“, ანუ „ბიტფიურიმ“ მოიხმარა.

ესკოს მონაცემებით „ბიტფიურიმ“ 2019 წელს 534.2 მლნ.კვტსთ. ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წელს კი 131.7 მლნ.კვტსთ. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კაიმანის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული „ბიტფიურის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მისი გასული წლის ჯამურ მოხმარებას აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კრიპტომწარმოებლების ნაწილი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) ოპერირებს და შესაბამისად, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, თუმცა პარლამენტმა შესაძლოა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე კრიპტოვალუტების მწარმოებლებისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე იმსჯელოს. საკითხის განსახილველად მზადაა ფინანსთა სამინისტროც.

„ვიმსჯელოთ, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ ზოგადად, დაბეგვრა მოხდეს ამ მიმართულებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკანონმდებლო ორგანოში.

ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ ცვლილებებს განსაკუთრებული ფისკალური ეფექტი არ ექნება, რადგან მცირეა თიზ-ებში მსგავსი კომპანიების რაოდენობა. მისივე განცხადებით, კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებული კომპანიების მხრიდან თიზ-ებში ინვესტირების ინტერესი არის, თუმცა ამას აფერხებს კანონმდებლობა, რომელიც ამ მიმართულებით დახვეწას საჭიროებს და დაკონკრეტებას, თუ რა სახის დაბეგვრას უნდა ექვემდებარებოდეს მაინინგით დაკავებული კომპანია.

„თიზ-ში კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საკმაოდ ბუნდოვანია. ფინანსთა სამინისტროს მიერ დაკონკრეტება უნდა მოხდეს, რა არის ის, რაც იბეგრება თიზ-თან მიმართებაში“,- განაცხადა სოსო ნიბლაძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ელექტროენერგიის საფასური ჩვეულებრივზე ნაკლებია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ