LIVE
ვიდეო
30 მაი, 2021 21:10
რა არის ეკონომიკის დოლარიზაციის უსაფრთხო დონე? - ეროვნული ბანკის პასუხი
1640

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი აცხადებს, რომ სებ-ი დედოლარიზაციის არსებული პროგრესით კმაყოფილია.

მისივე თქმით, პოლიტიკის მთავარ გამოწვევებს შორისაა საგარეო შოკები და პანდემია.

„დედოლარიზაციის ძირითადი გამოწვევა იყო საგარეო შოკები, პანდემია და ახლა მისი პიკი უკვე გადალახულია, შედარებით უკეთესი პერიოდია წინ იმ ღონისძიებების შედეგების დასანახად, რომლებსაც ვატარებთ. დოლარიზაციის მიმდინარე დონე საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომდევნო პერიოდში ეს შენარჩუნდება, როგორც ეროვნული ბანკის პრიორიტეტი“,- აღნიშნა დავით უტიაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

კითხვაზე, დოლარიზაციის რა მაჩვენებელს განიხილავს ეროვნული ბანკი მისაღებად, რის შემდეგაც ლარიზაციის ახალ ინსტრუმენტებს აღარ გამოიყენებს, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ ასეთი მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკს განსაზღვრული არ აქვს, თუმცა დაბალი რისკის დოლარიზაციის დონე დაახლოებით 40%-ია.

„გასათვალისწინებელია, რომ თუ მსესხებელმა უცხოური ვალუტის სესხი აიღო და შემოსავალი აქვს ლარში, იმის მიუხედავად, თუ რა არის ჯამურად ეკონომიკაში დოლარიზაციის დონე, ამ მსესხებლისთვის ეს რისკი იქნება, ამიტომ ცალკეული ინსტრუმენტები შენარჩუნდება. ბუნებრივია, დოლარიზაციის რაღაც დონე ყოველთვის იქნება, ის ნულთან ვერ ჩამოვა უბრალოდ გვინდა ისეთ დონეზე შევამციროთ, რომ სისტემურ რისკებს არ ქმნიდეს და ვფიქრობთ, რომ ეს არის დაახლოებით 40%, რაც საშუალოვადიან პერიოდში მიღწევადია, თუმცა ეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ლარის მიმართ ნდობაზეა დამოკიდებული“,- აცხადებს დავით უტიაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა 2016 წელს წარადგინა და მისი განხორციელება დაიწყო. 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, სესხების 55.85%, ხოლო დეპოზიტების 62.7% უცხოურ ვალუტაშია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ