LIVE
ვიდეო
14 მაი, 2021 15:15
Amazon-ის აქციები - სად შეიძლება ინვესტირდეს საპენსიო დანაზოგი?
916

ჩვენი მთავარი საინვესტიციო მიზანია ინფლაციის დამარცხება და ამოცანაა, რომ მონაწილეების საუკეთესი ინტერესების დაცვით მოხდეს თანხების განაწილება,- ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან საპენსიო დანაზოგის რეალურ სექტორში ინვესტირების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თანხები ინვესტირება წილობრივ ფასიან ქაღალდებში მოხდება. ამასთან, გოგა მელიქიძის თქმით, დანაზოგების მინიმუმ 15% უცხოურ ვალუტაში გადავა.

„კანონით, შეგვიძლია უცხოურ ვალუტაში 20%-მდე გადავიტანოთ. ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 15%-ს გადავიტანთ. შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები, ამას ბაზარი გვეტყვის. ჩვენ თუ უცხოურ ვალუტაში გადავალთ, ისეთივე ფასიან ქაღალდებში შევალთ, რასაც ჰქვია წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ანუ აქციები, მაგალითად Amazon-ის აქციები ან ტექნოლოგიური კომპანიების ფონდი. მსგავს საინვესტიციო საშუალებებს განვიხილავთ, რომელსაც ექნება ზრდის პოტენციალი და ფიქსირებულ პროცენტში არ იქნება, რომელსაც მზარდი ინფლაცია შეჭამს“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

მისივე განცხადებით, „საპენსიო სააგენტოს“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი შერჩეულია და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 2-3 კვირაში დასრულდება. ამასთან, უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა არ გამორიცხა, რომ საინვესტიციო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდეს.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და დანაზოგები ამ დროისთვის 1,4 მილიარდ ლარს აჭარბებს. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და 11% ეფექტური წლიური სარგებელი ერიცხება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ