მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისის დროს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, მცირე საწარმოების სწრაფი დახმარება და რაც შეიძლება მეტი დასაქმება,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში არსებული პროგრამები, პოლიტიკა და სტრატეგია გააცნო.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით.
„აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ინვესტორების მოზიდვა. ასევე ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო უცხოურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს. ამ კუთხით, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბატონი ჰუდაკის გამოცდილება, მისი კავშირები ევროპელ ინვესტორებთან ევროპელ ფონდებთან, დონორებთან",- განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ვაზილ ჰუდაკი პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად დღეს წარადგინა.