LIVE
ვიდეო
07 მაი, 2021 23:35
მერკელი ვაქცინებზე პატენტის გაუქმების წინააღმდეგია - მწვავე დისკუსია აშშ-ის ინიციატივაზე
1264

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების გაუქმება სიცოცხლისთვის აუცილებელ ვაქცინებზე წვდომას ვერ გაზრდის. პატენტის გაუქმების ინიციატივა აშშ-ს ეკუთვნის, მას მხარს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენიც უჭერს. ამის მიუხედავად, ევროკავშირში ინიციატივამ მწვავე დისკუსია გამოიწვია და მას ფარმაცევტული ინდუსტრიაც უპირისპირდება.

ერთი მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯანმრთელობის ჯგუფებისგან მოწონება დაიმსახურა, დისკუსიაში მონაწილეობის მზადყოფნა დააფიქსირეს ჩინეთმა და ევროკავშირმა, თუმცა წინადადებას ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. “ვაქცინის წარმოების შემზღუდველი ფაქტორი წარმოების მოცულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტებია და არა პატენტები”,- განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ვაქცინის მარაგების მნიშვნელოვნად გაზრდას შეიძლება ერთი წელი ან მეტი დასჭირდეს.

“ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება”,- ამბობს კლაუს სტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც მთავრობებსა და წამლების მწარმოებლებს პანდემიისთვის მომზადებაში ეხმარებოდა. სტორი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გლობალური კამპანიისთვის “პატენტები რეალური დაბრკოლება არ არის”. 

მაშინაც კი, თუ კომპანიები რესურსებსა და ნოუ-ჰაუს "სრულმასშტაბიანი ტექნოლოგიის გადაცემაში" გადაიტანენ, ეს არ მოგვცემს სხვაობას 2022 წლამდე, - აცხადებს ფარმაცევტული კომპანიის, Novartis AG- ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 

Takeda Pharmaceutical-ის გენერალური დირექტორი, რაჯევი ვენკაი კი მიიჩნევს, რომ წარმოების გასაზრდელად პრიორიტეტი ვაქცინების დასამზადებლად საჭირო ძირითადი მასალებისა და კომპონენტების დეფიციტის დაძლევა და საწარმოო ხაზების დამატებაა.

"მიუხედავად გასაგები შეშფოთებისა, თუ როგორ შეზღუდა წარსულში ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებამ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე წვდომა, პატენტის სისტემის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ისეთი ინოვაცია, რომლის შედეგადაც ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნებოდა მთელი ამერიკის მოსახლეობისთვის”, - თქვა მან.

პატენტის გაუქმების მომხრეები მიიჩნევენ, რომ არსებული კრიზისის დროს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გლობალური მიწოდების ზრდისთვის აუცილებელია.

“მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიამ წარმატებით მოახერხა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შექმნა, ამ მიღწევების დიდი ნაწილი შესაძლებელი გახდა ათწლეულების განმავლობაში მთავრობის მიერ მეცნიერების დაფინანსებით, მაგალითად, RNA მესინჯერის ტექნოლოგიით, რამაც ვაქცინების შექმნა შესაძლებელი გახადა”,- თქვა სტეფან სვარტინგ პეტერსონმა, პროფესორმა კაროლინსკის ინსტიტუტში, შვედეთში. ის ქვეყნებს კრიზისის დასაძლევად ისეთი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, როგორიცაა პატენტების გაზიარება და ვაქცინების წარმოებაში დახმარება.

ჯო ბაიდენის ინიციატივას ემხრობა ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე”. ისინი ყურადღებას აშშ-ში ვაქცინების ჭარბ ოდენობასა და ღარიბ ქვეყნებში მის დეფიციტზე ამახვილებენ და მნიშვნელოვან სამედიცინო ინსტრუმენტებზე წვდომის გაფართოებას “მოუთმენლად ელოდებიან”.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი ხარისხია. ფარმაცევტული ინდუსტრიის ევროპის განყოფილების გენერალური დირექტორი, ნატალი მოლი ქვეყნებს აფრთხილებს: “თქვენ უბრალოდ ვერ მიაღწევთ შესაძლებლობების გაფართოებას პატენტზე უარის თქმით და იმ იმედით, რომ მთელს მსოფლიოში აქამდე უცნობი ქარხნები ვაქცინის წარმოების რთულ პროცესს დაიწყებენ”.

მოლი მიიჩნევს, რომ პატენტის გაუქმების ნაცვლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაჭარბებული დოზების გაზიარებაზე, ვაქცინის ინგრედიენტების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფასა და Covax პლატფორმის  დაფინანსებაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს პატონი და ტიმ ლო

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ