LIVE
ვიდეო
26 აპრ, 2021 20:29
მასწავლებლების პენსიაზე გაშვება ბიუჯეტს 75.5 მილიონი ლარი დაუჯდა
1417

2019-2020 სასწავლო წლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლების სისტემიდან გასვლაზე, განათლების სამინისტრომ 75.5 მლნ ლარი დახარჯა,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც 2019 წელს ვერ გადაინაცვლეს მომდევნო კარიერულ საფეხურზე, უნდა შეეწყვიტათ პედაგოგიური საქმიანობა და მიეღოთ ფულადი ჯილდო სისტემიდან გასვლის სანაცვლოდ. 

განათლების სფეროს ექსპერტების შეფასებით, საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების წახალისების სახით გაშვება და კვალიფიციური კადრებით ჩანაცვლება მართებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მათი თქმით, სამინისტროს კვალიფიციური კადრების ჩანაცვლების გეგმა არ წარუდგენია, რის გამოც, 2 წლის შემდეგ, სისტემიდან გასულ მასწავლებლებს სახელმწიფომ, კვლავ მისცა შესაძლებლობა, დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმიანობა განეახლებინათ.

ამასთან, აუდიტის დასკვნით, მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მინიმალური საგამოცდო ბარიერი - 30%, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70%-ია. 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით - 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა დააფიქსირა. 2020 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საგნობრივი გამოცდის შემთხვევაში გაიზარდა 50%-მდე.

გამოვლენილი ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს მასწავლებლის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი და ასევე, პროდუქტიულად დაიხარჯოს პროფესიული ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსები. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად წელიწადში, საშუალოდ 11 მლნ ლარი იხარჯება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ