საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს. ის კურსზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს შორის სავალუტო შემოდინებების კლებასა და ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებას ასახელებს.
„ლარზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ბოლო პერიოდში რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რამაც ლარის კურსის მერყეობაზე გავლენა მოახდინა. ეს იყო 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა, 2020 წელს გლობალური პანდემია, ასევე არასტაბილურობა რეგიონის ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და შესაბამისად, ეს ყველაფერი ლარზე აისახა.
პანდემია საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო და აქედან დაახლოებით $3 მილიარდამდე შემოსავალი დაკარგა 2020 წელს ქვეყანამ“,- აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, ლარი-დოლარის გაცვლითმა კურსმა 3.45-ს გადააბიჯა და ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4521 ლარია.