2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ვიზიტორების მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება.
მარტში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 75%-ით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ 57 728 უცხოელი ჩამოვიდა.
ვიზიტორებს შორის 49 106 კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 6 801 შეადგინა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვიზიტორების უმრავლესობა ქვეყანაში გავლით იყო და ისინი ტურისტებს არ წარმოადგენენ.
"შემოსული ვიზიტორების 90% არიან ტრაილერის მძღოლები. 10%-დან ნაწილი შეიძლება საქმიანი ვიზიტით ან სპორტული ღონისძიების მიზნით ჩამოვიდა. თუ პოზნერის ვიზიტსაც ჩავთვლით, ესაა მთელი ჩვენი ტურიზმი. რეალურად, ტურიზმი არის მკვდარი და დარგი ასეთ მდგომარეობაში იქნება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში",-აცხადებს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.
ამასთან, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დროულად შეირჩეს. შეგახსენებთ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგაა, რაც ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.