LIVE
ვიდეო
12 ნოე, 2023 13:45
მიკროსაფინანსოები დაკრედიტების ზღვრის ₾200 000-მდე გაზრდას ითხოვენ
514

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაკრედიტების მაქსიმალური ზღვრის გაზრდას ითხოვენ.

კერძოდ, სექტორის ინიციატივაა, რომ ნაცვლად დღეს არსებული 100 ათასი ლარისა, მიკროსაფინანსოებმა ერთ მსესხებელზე 200 ათასი ლარის მოცულობის კრედიტის გაცემა შეძლონ.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა, არსებული ზღვარი, ინფლაციის თუ სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, უკვე მოძველებულია და მსგავსი ცვლილება კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლებს შედარებით დიდი მოცულობის სესხები შესთავაზონ.

„ბოლო წლების განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორის გამჭვირვალეობა და სანდოობა გაუმჯობესებულია, სექტორი მზარდია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მიკროსაფინანსოებს დამატებითი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ, მათ შორის ერთ მსესხებელზე გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ზღვარი უნდა გაიზარდოს. ბოლოს ეს ზღვარი 2017 წელს გაიზარდა და ვფიქრობთ, დროა ისევ ვისაუბროთ მის აწევაზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებლებს უფრო დიდი მოცულობის სესხები შევთავაზოთ და დაკრედიტება გავზარდოთ. ამ ცვლილებით არსებულ მომხმარებლებსაც შევინარჩუნებთ, რომლებიც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან 100 ათას ლარზე ზემოთ სესხს ვეღარ იღებდნენ, უკვე საბანკო სექტორში გადადიოდნენ. რაც შეეხება რისკებს, ჩვენი ინიციატივაა, რომ დაკრედიტების ზღვრის გაზრდის პარალელურად, მიკროსაფინანსო სექტორშიც შემოვიდეს კონცენტრაციის ლიმიტები და ამ გზით დავაბალანსოთ ზღვრის აწევასთან დაკავშირებული რისკები“,- განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ცნობისთვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2017 წელს მიკროსაფინანსო სექტორში ერთ მსესხებელზე გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ზღვრის კიდევ ერთხელ გაზრდასთან დაკავშირებით ინიციატივა გასულ კვირას სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ