LIVE
ვიდეო
26 სექ, 2022 16:20
სპეციალისტები ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აკრიტიკებენ
527

იურისტების ნაწილი ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებენ. 

ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი, აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აბათილებს, კვლავ ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას ემსახურება.

როგორც ჩარგეიშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი არ შევა, ასეთ შემთხვევაში კანონი იმაზე მეტად არამართლზომიერად გავრცელდება, ვიდრე აქამდე.

„ჩვენ გვაქვს მიმდინარე საქმე, გვყავს დირექტორი რომლის ქონებაც დაყადაღებულია, ამის გარდა დაყადაღებულია კონკრეტული კომპანიის ქონება და ასევე დირექტორის ოჯახის წევრების ქონებებიც. მაგალითად, ბავშვი რომელიც სკოლაში დადის, მისი ქონება დაყადაღებულია და საბანკო ანგარიშის გამოყენებას ვერ ახერხებს“,- აღნიშნავს, აკაკი ჩარგეიშვილი.

ამასთან, ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ წარდგენილი რედაქცია ისედაც გაუარესებულ საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული რეალური ცვლილებების მოსამზადებლად პარლამენტს ექვსი თვე ჰქონდა, ახალი კანონპროექტი, როგორც ბიზნესისთვის, ისე მოქალაქეებისთვის მეტ ბიუროკრატიასთან იქნება დაკავშირებული. 

„საკონსტიტუციო სასამართლომ ორი მითითება მისცა პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანოს უნდა ამოეღო ის საფუძველი, რომელიც არაკონსტიტუციურად არის ცნობილი. ამასთან, უნდა შემოეღოთ გასაჩივრების მექანიზმი. არავინ არ ჩათვალოს, რომ დაკორექტირებული კანონპროექტის შემდეგ, ქვეყანაში უკონტროლო ვითარება იქნება და ქონებას ვეღარ დააყადაღებენ. უამრავი საფუძველი რჩება. მათ შორის, ბრალდებული პირი, მასთან დაკავშირებული პირი, თანამდებობის პირი და ა.შ. დაყადაღების ბერკეტები სახელმწიფოს რჩება. ეს ზოგადი მექანიზმი კი უბრალოდ უნდა გაუქმებულიყო. რაც შეეხება უკვე გასაჩივრების მექანზმს, ის ორივე მხარეს, სამართლიანად უნდა მიეცეს. ეს იქნებოდა სწორი და არა ამ ცვლილების გვერდის ავლა და არა ახალი რეგულაციებით იმავე მექანიზმის აღდგენა“,- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ