LIVE
ვიდეო
19 სექ, 2022 12:30
რუსეთიდან იმპორტი 68.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
894

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (1 მლრდ 789 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდიოდა რუსეთი (1 მლრდ 478 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 მლრდ 227 მლნ აშშ დოლარი).

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8 თვეში რუსეთიდან იმპორტი 68.3%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.8% შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა:  

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - წლიური ზრდა 301%;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - წლიური კლება 32%;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - ზრდა 1184%;
  • კოქსი და ნახევარკოქსი - ზრდა 199%;
  • მარგარინი - ზრდა 551%. 

იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 8.5%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 11.5% იყო. რუსულ ბაზარზე საქართველომ დიდი მოცულობით გაიყიდა: 

  • ფეროშენადნობები - წლიური კლება 1%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინო - წლიური ზრდა 9%;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - ზრდა 216%;
  • სპირტიანი სასმელები - ზრდა 59%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - კლება 31%. 

საქსტატის თანახმად, 2022 წლის 8 თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა იყო ჩინეთი (502.6 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი (421.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (409.3 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 683.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო მსუბუქი ავტომობილები 490.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 371.6 მლნ აშშ დოლარით (10.4%).

2022 წლის იანვარ-აგვისტოში სამი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თურქეთი (1 მლრდ 467 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 მლრდ 069 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (724 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 940.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 872.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.4%), ხოლო მესამე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 531.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.4%).  

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მლრდ 936 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია.

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 3 მლრდ 571 მლნ აშშ დოლარი იყო (36.9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 8  მლრდ 365 მლნ აშშ დოლარი (36.5%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 მლრდ 794 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ