LIVE

მასკის თქმით, მონაცემების მოთხოვნის შემდეგ, Twitter-მა დამალობანას თამაში დაიწყო

05 აგვ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
მასკის თქმით, მონაცემების მოთხოვნის შემდეგ, Twitter-მა დამალობანას თამაში დაიწყო

ილონ მასკი ამბობს, რომ Twitter-მა თავისი მომხმარებლების შესახებ არასწორი მონაცემები მიაწოდა, რითაც კომპანიის ღირებულების შესახებ არასწორი წარმოდგენა შექმნა, ხოლო მას შემდეგ, რაც მასკმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, "დამალობანას ერთთვიანი თამაში" წამოიწყო. 

გასულ კვირას დელავერის სასამართლოში შეტანილ შესაგებებელში აღნიშნული იყო მასკის არგუმენტები, რის გამოც მან Twitter-ის ყიდვის გარიგებაზე უარი თქვა. დოკუმენტის მიხედვით, მასკი ამტკიცებს, რომ Twitter-მა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორები და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია. 

"სასოწარკვეთილი კომპანია გააფთრებით კეტავდა ყველა გზას ინფორმაციის მისაღებად, რათა მასკის მხარისთვის თაღლითობის გამოვლენაში ხელი შეეშალა", - აღნიშნულია Bloomberg-ის მიერ ნანახ დოკუმენტში. 

127 გვერდიან პასუხში Twitter აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟა და მასთან ერთად, მილიარდერის უზარმაზარი პირადი ქონება შემცირდა, მასკმა შეთანხმება მიმზიდველად აღარ მიიჩნია და მისგან თავის დასაღწევად გამოიგონა ამბავი.

მასკის მხარის წინასწარი შეფასებით, Twitter-ზე ივლისის დასაწყისში ხილული ანგარიშების ერთი მესამედი, შეიძლება ყალბი ყოფილიყო. გარდა ამისა, მასკი ამბობს, რომ Twitter-მა ქსელში რეკლამის მომხმარებლების შესახებ არასწორი მონაცემები წარუდგინა. 

Twitter-ის განცხადებით, მასკმა ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გარიგებაზე დათანხმების შემდეგ მოითხოვა და კომპანიას მისცა ოცდაოთხი საათი, რათა მისი შეთავაზება მიეღო. 

მიმდინარე წლის აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა, თუმცა ივლისის დასაწყისში მან გარიგებას შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერად დარღვევები დაასახელა. კომპანიამ გარიგების გაწყვეტის გამო, მილიარდერს უჩივლა. თავის მხრივ, მასკი მოსამართლეს სთხოვს, Twitter კონტრაქტის დამრღვევად გამოაცხადოს. დელავერის სასამართლოს მოსამართლემ ოქტომბერში 5-დღიანი სასამართლო პროცესი ჩანიშნა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატრიცია ჰურტადო და ჯეფ ფილი