ფინეთი შესაძლოა გახდეს ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მგზავრებს საშუალებას მისცემს, რომ ტრადიციული ქაღალდის პასპორტების ნაცვლად, ციფრული ასლებით იმგზავრონ.
ქვეყანას სურს, გამოცადოს მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც სამგზავრო დოკუმენტების ციფრულ ასლებს მოიცავს. ამ ახალი ტექნოლოგიით, მგზავრებს საზღვარგარეთ წასვლამდე ინფორმაციის სასაზღვრო ორგანოებისთვის გაგზავნა უნდა შეეძლოთ.
ფინური გაზეთის, Helsingin Sanomat-ის თანახმად, ევროკომისიამ ფინეთს საპილოტე პროექტში მონაწილეობა გასული წლის ბოლოს შესთავაზა.
"ამჟამად ვამზადებთ დაფინანსების განაცხადს კომისიისთვის. განაცხადი აგვისტოს ბოლომდე უნდა შევიტანოთ. ამის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა პროექტი", - განუცხადა გაზეთს ფინეთის სასაზღვრო დაცვის ინსპექტორმა მიკო ვაისენენმა.
კომისია ზოგიერთ წევრ ქვეყანას სტიმულს აძლევს, რომ ციფრული სამგზავრო დოკუმენტების გამოყენება სცადოს. ცდიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მას შეუძლია, ევროკავშირის მასშტაბით, მოქალაქეებს შესთავაზოს საზღვრის კვეთა მხოლოდ მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია ფინეთი გამოცდის თუ არა მსგავს აპლიკაციას, ციფრული დოკუმენტაცია შეიძლება პირველად გაიტესტოს ხორვატიაში საჰაერო გზით ქვეყანაში შესვლისას.
ზოგიერთ მგზავრს სთხოვენ, ჩამოტვირთონ აპლიკაცია თავიანთ ტელეფონებში. პირველი მოხალისეები, სავარაუდოდ, იქნებიან მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან ფინეთსა და ხორვატიას შორის 2023 წლის გაზაფხულზე. ამ დროისთვის, ცდის მონაწილე მგზავრებს კვლავ მოუწევთ თან იქონიონ ნაბეჭდი პასპორტები და გაიარონ სასაზღვრო შემოწმება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მგზავრებს მხოლოდ აპლიკაცია დასჭირდებათ.
მოსალოდნელია, რომ ინოვაციის დანერგვა გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის და შეამცირებს დოკუმენტების შემოწმების დროს.
გასულ წელს უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ციფრულ და ფიზიკურ პასპორტებს თანაბარი იურიდიული ძალა მიანიჭა. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მიერ გამოშვებული სატელეფონო აპლიკაცია სახელწოდებით Dila, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნახონ თავიანთი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. მათ ასევე შეუძლიათ შექმნან QR კოდები, რომლებსაც აქვთ არსებითად იგივე ძალა, რაც პასპორტს.
უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ციფრული პასპორტები სხვადასხვა სიტუაციებში, როგორიცაა ფოსტაში ვინაობის დადასტურება ან საბანკო ანგარიშის გახსნა, ქვეყნის შიგნით თვითმფრინავით ან მატარებლით მგზავრობისა და სხვა.
მსგავსად იყენებენ ციფრულ დოკუმენტაციას პოლონეთსა და სამხრეთ კორეაში. შემდგომი საპილოტე პროექტები შესაძლოა, მალე გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში განხორციელდეს.