სიცხის ტალღა, რომელიც ესპანეთს დაატყდა თავს, ქმნის ზეითუნის ზეთის წარმოების შემცირების საფრთხეს მსოფლიოს უმსხვილეს ექსპორტიორში. განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლუის პლანასმა გააკეთა.
“თუ უახლოეს კვირებში არ შემცირდება ტემპერატურა ან წამოვა წვიმა, წლევანდელი ზეთისხილის მოსავალი შეიძლება შესამჩნევად მცირე იყოს, ვიდრე წინა წლებში“, - თქვა პლანასმა ინტერვიუში.
ესპანეთი ზეითუნის ზეთის გლობალური წარმოების თითქმის ნახევარს შეადგენს. უკრაინიდან მიწოდების მუდმივი შეფერხება, სავარაუდოდ, მცენარეული ზეთის ფასებს მაღალ დონეზე შეინარჩუნებს. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, ესპანელი მწარმოებლის Jaen-ის ზეითუნის ზეთის ფასი ივნისში 8.3%-ით გაიზარდა წინა მოსავლის მაჩვენებელთან შედარებით.
ეს არის სასოფლო-სამეურნეო ნაკადების შეფერხების უფრო დიდი პრობლემის ნაწილი ევროპაში ცხელი ამინდის გამო, რომელმაც შესაძლოა შეაჩეროს მარცვლეულის წარმოება იმ დროს, როდესაც გლობალური საკვები პროდუქტების ფასები რეკორდულ დონეს უახლოვდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. პლანასის შეფასებით, ესპანეთში მარცვლეულის მთლიანი წარმოება, სიმინდის, ხორბლისა და ქერის ჩათვლით, შეიძლება შემცირდეს 13%-ით, 17,5 მილიონ ტონამდე მაღალი ტემპერატურისა და გვალვის შედეგად.
შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანახმად, 2022/2023 სეზონზე ზეითუნის ზეთის წარმოება გლობალურად 11%-ით, 2,9 მილიონ ტონამდე შემცირდება. ზეითუნის ზეთი არის ესპანეთის უმსხვილესი აგრო-სასურსათო ექსპორტი, საშუალო წარმოებით 1.3 მილიონი ტონამდე წელიწადში.
პლანასის თქმით, სურსათზე ფასები მცირედით მაინც შემცირდება, თუ რუსეთი შეასრულებს შეთანხმებას, რომელიც უკრაინას შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების უფლებას აძლევს. მან დასძინა, რომ ექვსი თვის წინ შეჭრის შემდეგ ესპანეთმა მიიღო უკრაინული მარცვლეულის მხოლოდ რამდენიმე ტვირთი ალტერნატიული გზებით.
1 აგვისტოს უკრაინამ მარცვლეულის პირველი ტვირთი გაგზავნა მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში შეიჭრა ქვეყანაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალონსო სოტო და თომას გვალტიერი