CAMEX-ის ავიახაზებმა თვითმფრინავი „ბოინგ-737“ შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს. Camex Airlines-ი პირველი კომერციული ფრენის შესრულებას აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს.
„ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ბოინგის შეძენა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით მოხდა. საელჩოს განმარტებით, როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიცაა CAMEX-ის ავიახაზები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ CAMEX-ის ავიახაზების კუთვნილი Boeing-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე გაიარა.
Camex Airlines-ის თანახმად, კომპანია უახლოეს მომავალში ბაზარზე 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში მოახერხებს საკუთარი წვლილის შეტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებაში.