LIVE

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მძიმდება

09 თებ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 830
ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მძიმდება
John MacDougall/AFP via Getty Images

ევროკავშირსა და რუსეთს შორის დაპირისპირება იზრდება. გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის რუსეთში გამართული ვიზიტის დროს მოსკოვმა მათი დიპლომატები ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით გააძევა.

განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, არამხოლოდ  რუსეთსა და ევროკავშირს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა გაამწვავოს, არამედ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანი უთანხმოება გამოიწვიოს ევროკავშირის წევრებს შორისაც.

ვიზიტის წინ ჯოსეფ ბორელი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გადატვირთვას იმედოვნებდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა იყო და ამ ნაბიჯს  ბლოკის სულ მცირე ხუთი წევრი ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო ვიზიტის გადადებას ითხოვდნენ. ვიზიტის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი სწორედ გერმანია იყო, ქვეყანა, რომლის დიპლომატი ბორელის ვიზიტის დროს გააძევეს.

"მოსკოვში ურთიერთობის გაუმჯობესების იმედით ჩავედი, რათა მენახა, მზად იყო თუ არა რუსეთის ხელისუფლება, ჩვენს შორის არსებულ უთანხმოებებზე გვემუშავა. პასუხი, რომელიც მე მივიღე, იყო საწინააღმდეგო გზავნილი. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები" -ვიზიტის პასუხად წერს ბორელი -"აგრესიული პრეს-კონფერენცია და ევროკავშირის დიპლომატების გაძევება მეტყველებს მხოლოდ ერთზე - რუსეთის ხელისუფლებას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი ევროკავშირთან".

ბორელი, ასევე, აღნიშნავს რომ ლავროვთან შეხვედრის დროს საუბარი განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც მან ნავალნის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება, მისი მკვლელობის მცდელობის მიუკერძოებელი გამოძიება, მინსკის შეთანხმების შესრულება, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება მოითხოვა. 

"სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ახლა მივიღებთ, განსაზღვრავს საერთაშორისო ძალაუფლების დინამიკას 21-ე საუკუნეში. ეს იქნება თანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი, თუ დახურულ და თავისუფალ საზოგადოებებზე დაფუძნებული პოლარიზებული სამყარო", ამბობს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

რუსეთიდან ევროპელი დიპლომატების გაძევებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. „მწვავედ ვგმობ, ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მოხდა - ნავალნის მოწამვლიდან დაწყებული დიპლომატების გაძევებამდე. ვფიქრობ, რომ დიპლომატიური დაძაბულობის მოგვარება ამ გზით არ შეიძლება და სოლიდარობას ვუცხადებ სამ ქვეყანას, რომელთა დიპლომატებიც გააძევეს“. და იქვე აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგი კვლავ მნიშვნელოვანია ევროპაში „მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“.

ნავალნის დაპატიმრებისა და რუსეთის მხრიდან უკიდურესად ხისტი ნაბიჯის პასუხად ევროკავშირმა შესაძლოა პირველად გამოიყენოს სანქციების ახალი, გამარტივებული ინსტრუმენტი, რომელიც ევროპული აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას გულისხმობს. ამგვარი სანქციების დაწესებას წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა გერმანია ნაჩქარევი გადაწყვეტილების წინააღმდეგია.

ამავდროულად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც მოკლევადიანი პასუხი. ევროკავშირის დღის წესრიგში კი დიდი ხანია შეუთანხმებლობაა რუსეთთან გრძელვადიანი თანმიმდევრული სტრატეგიის საკითხზე და ამ მიმართულებით უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემა NordStream 2-ია, მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაც და საფრანგეთიც, გმობენ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, ორივე ქვეყანა რუსეთთან არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. უცნობია, რამდენად გაიზიარებენ პარიზსა და ბერლინში რუსეთთან იმგვარი პოლიტიკის წარმოებას, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გამო დაგვიანებულად, მაგრამ მაინც აგრძნობინებს პასუხისმგებლობას.

რუსეთის მიმართ პოლიტიკის განსაზღვრაზე შეუთანხმებლობამ, შესაძლოა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც დაძაბოს ურთიერთობა, რომელიც Nord Stream 2-ს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნევს და მათ შორის ამ საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც გაზარდა. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების წინააღმდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯს არ მიესალმებიან გერმანიასა და საფრანგეთში. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით გერმანია Nord Stream 2-ს კომერციულ პროექტად მიიჩნევს, ბლოკის ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებენ, რომ მილსადენი გეოპოლიტიკური პროექტია და, თან დამღუპველია.

თუ სანქციებთან პარალელურად ევროკავშირი არ იქნება რუსეთთან პოლიტიკის წარმოებაში ერთსულოვანი, სტატუს ქვო მეტი ალბათობით არ შეიცვლება, მითუმეტეს რომ პუტინის რეჟიმი სანქციების მიმართ ერთგვარად იმუნურიც კი გახდა.