LIVE

კომპანიებს გზების დეპარტამენტისთვის ₾187 მილიონის გადახდა დაეკისრათ - სამინისტრო

29 ივლ 202212:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
კომპანიებს გზების დეპარტამენტისთვის ₾187 მილიონის გადახდა დაეკისრათ - სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.

სამინისტროს ინფორმაციით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში გზების დეპარტამენტი დაახლოებით 187 მილიონ ლარს მიიღებს.

კერძოდ, დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა.

„არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.

ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე სამუშაოებს ახალი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოს იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წელს დასრულდება. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთს, ახალი კონტრაქტორის შესარჩევად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები“,- აცხადებენ უწყებაში.

2018-2022 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით ამოღებული თანხების ჯამური ოდენობა დაახლოებით 311 მილიონ ლარს შეადგენს.