TBC Capital-ის თანახმად, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებ სავარაუდოა. TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, ქვეყანაში ჭარბი სავალუტო შემოდინებებით, ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება.
„ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე დოლარი არ დასუსტდა, მართალია წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერი დარჩება, მაგრამ ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება უკვე ნაკლებ სავარაუდოა და ჭარბი შემოდინებებით უფრო ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება მოხდება. საამისო არგუმენტები ლარის სხვა ვალუტებთან მიმართებით საშუალო კურსი და ჩვენი შეფასებით, ინფლაციის შემცირების მოლოდინია. მართალია, წინა თვეებისგან განსხვავებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის ივნისის დინამიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი არაა საკმარისად დამაჯერებელი იმისათვის, რომ ინფლაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება მატერიალურად შეიცვალოს“, - აცხადებენ TBC Capital-ში.
განახლების მიხედვით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების მოცულობა მცირედით გაიზარდა.
„საკრედიტო აქტივობა ძლიერი მოლოდინების ინდიკატორია. მაისისგან განსხვავებით, ივნისში უცხოური ვალუტის სესხების ზრდა მცირედით უფრო მეტი იყო, თუმცა ძირითადად კორპორატიული სეგმენტის ხარჯზე, სადაც გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება სწორედ ვალუტაში დომინირებს. ამავდროულად, მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, იპოთეკა პრაქტიკულად მთლიანად ლარში გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით უკვე შენელება შეინიშნება“, - აღნიშნულია განახლებაში.
TBC Capital-ის თანახმად, ივნისის ექსპორტის მაჩვენებლებმა მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მოსალოდნელზე მაინც შედარებით სუსტი დინამიკა აჩვენა. წინა თვისგან განსხვავებით, ზრდა მხოლოდ ფასების და დიდწილად რეექსპორტის ხარჯზე იყო. განახლების მიხედვით, ასევე მცირედით გაუარესდა ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა. ამავდროულად, კვლავ მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლის წილი, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასის ეფექტის გავლენის შესწორებით, რაც ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდის მოლოდინებზე მიუთითებს.