LIVE

საუდის არაბეთი და ერაყი ევროპას უფრო მეტ ნედლ ნავთობს აწვდიან

24 ივლ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1058
საუდის არაბეთი და ერაყი ევროპას უფრო მეტ ნედლ ნავთობს აწვდიან
Bloomberg

საუდის არაბეთი და ერაყი ნედლი ნავთობის სულ უფრო მეტ მოცულობას აგზავნიან ევროპისკენ, რაც რუსული რესურსის გარეშე დარჩენილი კონტინენტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დეფიციტის დაძლევაში ეხმარება. 

Bloomberg-ი გემების მოძრაობას დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ივლისის პირველ სამ კვირაში მილსადენით, შუა აღმოსავლეთიდან ეგვიპტის გავლით, ევროპაში დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გავიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს გაორმაგებული რიცხვია. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბევრმა ევროპულმა კომპანიამ არჩია მოსკოვთან ურთიერთობის შეწყვეტა. ეგრეთ წოდებულმა თვითსანქცირებამ გააჩინა კითხვა, სად იპოვონ ალტერნატიული მარაგი.

მილსადენით გადაზიდვებში დომინირებს საუდის არაბეთის ნაკადები, თუმცა ერაყი ასევე აძლიერებს მიწოდებას. 

კომპანიებს ენერგოპროდუქტის მიწოდება შეუძლიათ მილსადენით, სახელად SuMed, რომელიც კვეთს ეგვიპტეს, ან, თუ მათი გემები საკმარისად მცირეა, შეუძლიათ პირდაპირ სუეცის არხით გავიდნენ წითელ ზღვაში. ერაყიდან მიმავალი ტვირთები სწორედ ამ გზას მიყვებიან.

ერთი თვით ადრე, მილსადენით გამავალი ნავთობის მოცულობამ დღეში 800,000 ბარელს მიაღწია, რაც 2020 წლის აპრილში ხანმოკლე ზრდის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ივლისის პირველ სამ კვირაში დღეში, დაახლოებით 1.2 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა გემით სპარსეთის ყურიდან, ძირითადად ერაყიდან. ეს ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ გამავალ ნაკადებს ჯამში დღეში 2.2 მილიონ ბარელამდე ზრდის, რაც ომის დაწყებიდან ერთი თვით ადრე, იანვრის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 90%-იანი ზრდაა.

რამდენად მდგრადი იქნება ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისთვის საწვავის მიწოდება პროცესი, უცნობია. წლის ბოლოს ევროკავშირის მიერ რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებული ემბარგო ძალაში შევა. სანქციების ნაწილი ითვალისწინებს რუსული მარაგების გემით მიწოდების აკრძალვას ნებისმიერი მყიდველისთვის.  

საუდის არაბეთის სატანკერო კომპანიამ Bahri-მ ამ კვირაში ნედლი ნავთობი ხმელთაშუა ზღვიდან როტერდამისკენ გაგზავნა, რაც სამეფოს სატანკერო კომპანიისთვის იშვიათი ჩარტერია.

ბარელების გადაადგილების ტრაექტორიის ცვლილებამ, შესაძლოა ლოჯისტიკური გამოწვევებიც შექმნას, რაც დაკავშირებულია უფრო გრძელ მანძილზე გადაზიდვებთან. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს მსოფლიოს მასშტაბით არსებული ნავთობის სატანკერო ფლოტების გააქტიურებას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს ლონგლი და ჯულიან ლი