LIVE

ADB კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

21 ივლ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
ADB კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2022 წელს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაზარდა. ADB-ი ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ქვერეგიონის ზოგიერთმა ეკონომიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო.

ADB-მ წელს 4.6%-მდე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკის ნელი ზრდის გამო, განვითარებულ ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებების შედეგად.

„პროგნოზი ADB-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ნავარაუდევ 5.2%-იანი ზრდის მიმართებაში შემცირდა. ასევე, რეგიონში საკვებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების ფონზე ბანკმა გაზარდა ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი“, - აღნიშნულია ADB-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების პროგნოზის 2022-ის დამატების მიხედვით, განვითარებული აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნები განაგრძობენ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას. ADB-ის ინფორმაციით, მრავალი ქვეყანა ამსუბუქებს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რაც ეკონომიკურ აქტივობას აძლიერებს. მიუხედავად ამისა, რეგიონის უდიდეს ეკონომიკაში, ჩინეთში ზრდამ იკლო, კოვიდ-19-თან დაკავშირებული ახლადშემოღებული კარანტინისა და სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად.

„პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა თითქმის მთელ აზიაში შემცირდა, მაგრამ სრული და მდგრადი აღდგენისგან შორს ვარ. ჩინეთში ეკონომიკის შენელების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე ომმა ინფლაციური წნეხი გაზარდა, რაც მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას აიძულებს, ეს კი აფერხებს ზრდას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ გლობალური არასტაბილურობის გადაჭრას, რაც რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას რისკის ქვეშ აყენებს“, - აცხადებს ADB-ის მთავარი ეკონომისტი ალბერტ პარკი.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება, აქამდე ნავარაუდევ 5%-თან შედარებით. ADB-მ 7.5%-დან 7.2%-მდე შეამცირა ზრდის პროგნოზი ინდოეთისთვის, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე.

ინფლაცია განვითარებად აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში წელს 4.2%-ით გაიზრდება, აპრილში ნავარაუდევ 3.7%-თან შედარებით. ADB-ის პროგნოზით, ამის მიუხედავად, ინფლაციური წნეხი რეგიონში მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაინც დაბალი რჩება.

2023 წლისთვის ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში 5.3%-დან 5.2%-მდე შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი 3.1%-დან 3.5%-მდე გაზარდა.

განახლდა ზრდის პროგნოზები რამდენიმე ქვერეგიონისთვის. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის მოლოდინი 4.9%-დან 5%-მდე გაიზარდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შიდა მოთხოვნის მატების შედეგად.