LIVE

ჰააგაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე პირველი საქმის განხილვა შესაძლოა ზამთარში დაიწყოს - Bloomberg

20 ივლ 202222:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ჰააგაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე პირველი საქმის განხილვა შესაძლოა ზამთარში დაიწყოს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ პირველი საქმის წარმოებას ზამთარში დაიწყებს. 

Bloomberg-ის ანონიმური წყაროს თანახმად, პირველადი საქმის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. საბოლოო თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი მარტში შეიქმნა. ის მოიცავს რამდენიმე ევროპულ სასამართლოს, რათა შეაგროვოს მტკიცებულებები რუსეთის სავარაუდო დანაშაულებზე უკრაინაში. ICC-ის პროკურატურა არის საგამოძიებო ჯგუფის ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის სისხლის სამართლის თანამშრომლობის სააგენტო Eurojust-ი.

ICC-ი და უკრაინა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა კიევმა სასამართლოს გადასცეს სულ მცირე ერთი რუსი ოფიციალური პირი, სამხედრო ტყვე. მას შესაძლოა სურდეს ჩვენების მიცემა რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების 11,500-ზე შემთხვევა დააფიქსირა. 12 ივლისის მდგომარეობით, დაღუპულია სულ მცირე 5024 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 300-მდე ბავშვი. სააგენტო ვარაუდობს, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება.

რუსულ ძალებს ბრალად ედებათ თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე და სისასტიკე უკრაინის რიგ ქალაქებში, როგორიცაა ბუჩა, სადაც მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და წამება და სიკვდილით დასჯა ფართოდ იყო გავრცელებული.

შეერთებული შტატები არ არის ICC-ის წევრი, შესაბამისად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ აპირებს ოფიციალურად შეუერთდეს საგამოძიებო ჯგუფს. თუმცა,  იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განიხილავს გარემოებებს, რომლებშიც შეუძლია ითანამშრომლოს აშშ-ს კანონისა და პოლიტიკის დარღვევის გარეშე. იუსტიციის დეპარტამენტი კოორდინაციაშია საგამოძიებო ჯგუფის ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაეხმაროს მათ რუსეთის დანაშაულების გამოძიებაში.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეების დოკუმენტირებაზე და ეხმარება სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფს, მათ შორის ICC-სა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. 

ეუთოს ექსპერტების მოხსენებებში დაფიქსირებულია რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი შემთხვევა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობების, წამებისა და გატაცების ფაქტები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ჯენიფერ ჯეიკობსი და ალექს ვიკჰემი