LIVE

ირანი და Gazprom-ი ენერგეტიკულ თანამშრომლობას იწყებენ

19 ივლ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
ირანი და Gazprom-ი ენერგეტიკულ თანამშრომლობას იწყებენ
REUTERS/Dado Ruvic/Illustration

ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ (NIOC) და რუსეთის გაზის მწარმოებელმა Gazprom-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ღირებულება დაახლოებით $40 მილიარდია. ინფორმაციას ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო SHANA ავრცელებს.

შეთანხმებას ონლაინ ცერემონიაზე ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებლებმა იმ დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა თეირანში თავის ირანელ და თურქ კოლეგებთან შესახვედრად.

SHANA-ს ცნობით, Gazprom-ი დაეხმარება NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოების, ასევე ექვსი ნავთობის საბადოს განვითარებაში. რუსული ნავთობგიგანტი ასევე მიიღებს მონაწილეობას ბუნებრივი აირის გათხევადების (LNG) პროექტების განხორციელებასა და საექსპორტო გაზსადენების მშენებლობაში.

ირანს აქვს გაზის სიდიდით მეორე მარაგი მსოფლიოში რუსეთის შემდეგ, მაგრამ აშშ-ის სანქციები ხელს უშლის ტექნოლოგიებზე წვდომას და ანელებს გაზის ექსპორტის განვითარებას.

პუტინის ვიზიტს თეირანში ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეაფერხა ნავთობისა და გაზის გლობალური ბაზარი, გამოიწვია ფასების ზრდა და ინფლაცია.