LIVE

2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 105%-მდე აღდგენა რეალურია - TBC Capital

18 ივლ 202213:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
2022 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 105%-მდე აღდგენა რეალურია - TBC Capital

TBC Capital-ის შეფასებით, ივნისში საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების დინამიკა კვლავ ძლიერი იყო.

ყოველკვირეულ განახლების თანახმად, რეალურია, რომ 2022 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 105%-მდე აღდგეს.

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ ძლიერი მაკრო მოლოდინები შენარჩუნებულია.

„გლობალური ზრდის შენელების ფაქტორისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის წმინდა ეფექტისაგან განსხვავებით, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების გამო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შეფერხება საბაზო სცენარში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში. 

შეგახსენებთ, ივნისში ქვეყანაში სულ 445 894 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 302 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ყველაზე მეტი თანხა რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა დახარჯეს. მხოლოდ ერთ თვეში რუსეთის მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 68 მლნ დოლარი შეადგინა. ბელორუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა კი ივნისში საქართველოს ტერიტორიაზე 28 მლნ დოლარი დახარჯეს.

რაც შეეხება გზავნილებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427 მლნ 400 ათასი აშშ დოლარი (1 მლრდ 263 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ივნისში გადმორიცხული თანხის მთლიან მოცულობაში რუსეთის ფედერაციის წილი 54%-ია. ერთ თვეში რუსეთიდან 231 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 492%-ს შეადგენს.