პოსტ-პანდემიური აღდგენა ევროზონისთვის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ევროკომისიის პროგნოზების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება.
მზარდი ფასების, მოთხოვნის შემცირებისა და ზამთრისთვის ენერგიის ნაკლებობის ფონზე, ევროზონაში ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 2.6%-ით გაიზრდება, ხოლო 2023-ში 1.4%-ით. მაისში პროგნოზები 2.7%-იან და 2.3%-იან ზრდას ვარაუდობენ.
ინფლაციის დონე, რომელიც უკვე რეკორდულ მაჩვენებლებზეა და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს ოთხჯერ აჭარბებს, 2022 წლისთვის 7.6%-ზეა მოსალოდნელი (აქამდე პროგნოზირებული 6.1%-ის ნაცვლად), ხოლო მომავალი წლისთვის 4%-ზე (წინა პროგნოზი 2.7% იყო).
მიუხედავად იმისა, რომ 19 ქვეყნის ბლოკისთვის ეკონომიკური ზრდა ჯერ კიდევ გათვალისწინებულია, გაუარესებული პერსპექტივა რეცესიის შიშების გაქრობას არ დაეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა კრემლი გაზის მიწოდებას სანქციების საპასუხოდ ზღუდავს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები პანდემიიდან დანაზოგებით და მოგზაურობის სურვილით გამოვიდნენ, ზრდა, სავარაუდოდ, ზაფხულის დასრულებასთან ერთად გაქრება, ხოლო ენერგიის კრიზისის რეალობა კიდევ უფრო აშკარა გახდება.
მწარმოებლები გერმანიაში, რომელიც კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკაა და ასევე რუსულ გაზზე ყველაზე მეტად დამოკიდებული, სერიოზული შეფერხებების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ენერგიის რაციონირების საჭიროება დადგება. ინვესტორების განწყობა ქვეყნის მიმართ ევროპული ვალის კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალია.
ზოგიერთი ეკონომისტი ევროპაში რეცესიას კრემლის მიერ ენერგიის მიწოდების შეწყვეტის გარეშეც გარდაუვალად მიიჩნევს, რადგან ინფლაცია, სავარაუდოდ, მაღალ დონეს შეინარჩუნებს. ეს ECB-ისთვის ამოცანას ართულებს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის პირველ ზრდას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლა იწყებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხორხე ვალერო