LIVE

რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-ვაქცინური სიკვდილიანობის შესახებ

06 თებ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-ვაქცინური სიკვდილიანობის შესახებ
Bloomberg via Getty Images

ყველა ახალი წამლის მსგავსად, ვაქცინებს, რომლებიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამტკიცდა, უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები და გვერდითი მოვლენები ახასიათებს. ვაქცინირებულ ადამიანთა ნაწილს აღენიშნება ცხელება, თავისა და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, სწრაფად ქრება. უფრო საგანგაშოა ის მცირე, მაგრამ საგულისხმო შემთხვევები, როდესაც რიგ შემთხვევებში ადამიანს სერიოზული ალერგიული რეაქცია განუვითარდა. რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ვაქცინის მიღების შემდგომი სიკვდილობა, მაგრამ, ლეტალობისა და ვაქცინაციის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დადგინდა.

რა არის ცნობილი ვაქცინის მიღების შემდგომი გარდაცვალების შესახებ:

იანვარში ნორვეგიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 75 წელს 33 ადამიანი გარდაიცვალა Pfizer/BioNTech ვაქცინების მიღებიდან მალევე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი „სიკვდილის მოსალოდნელ მაჩვენებლებს შეესაბამება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოხუცების ქვეჯგუფში“. ამასვე ადასტურებს Paul Ehrlich-ის ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანახმად, ვაქცინაციის მიღების შემდეგ გერმანიაში გარდაცვლილი შვიდი მოხუცის შემთხვევაშიც, სიკვდილი სხვა ძირითადი დაავადებებმა გამოიწვია.

რა განაპირობებს სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს:

ადამიანის ორგანიზმი უცხო სხეულებს მრავალი მექანიზმის საშუალებით ებრძვის, მათ შორის დამცავი ცილებისა და ანტისხეულების წარმოქმნით, ტოქსინების გამოყოფით, რომლებიც კლავენ მიკრობებს და ხელს უწყობენ დამცავი უჯრედების ფორმირებას ინფექციებთან საბრძოლველად. როგორც ნებისმიერი კონფლიქტის დროს, გარკვეულ შემთხვევებში ინფექციის თავიდან აცილების მცდელობა შეიძლება დამანგრეველი იყოს. იშვიათ შემთხვევებში, სერიოზულმა ალერგიულმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ანთება და ქსოვილის შეშუპება, იგივე ანაფილაქსია. სხვადასხვა ნივთიერებებზე ასეთი რეაქცია ამერიკის მოსახლეობის 5%-ს ჰქონდა. ეს შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, თუ, მაგალითად, ადამიანს აქვს სასუნთქი გზების შეშუპება, თუმცა სიკვდილი იშვიათია. მსგავსი რეაქცის გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენსა და საკვებსაც, თუმცა წამლისგან გამოწვეული რეაქციები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ანაფილაქსიით გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

რამდენად ხშირად იწვევს ვაქცინა ანაფილაქსიას:

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 19 იანვრის მდგომარეობით, ანაფილაქსიის 15 შემთხვევა დაფიქსირდა Moderna-ს და 45 შემთხვევა Pfizer-ის ინექციის შემდეგ. Moderna-ს შემთხვევაში ეს არის 2,1 შემთხვევა მილიონ დოზაზე და 6,2 შემთხვევა Pfizer-ის მილიონ დოზაზე, შესაბამისად, ორივე ძალიან დაბალი მაჩვენებელია და Covid-19-ით ინფიცირების რისკი აჭარბებს ვაქცინებთან დაკავშირებულ რისკს.

რამდენ ხანს გრძელდება ალერგიული რეაქციის რისკი:

როგორც წესი, ალერგიული რეაქცია დიდხანს არ გრძელდება. ანაფილაქსიური რეაქციები, ჩვეულებრივ, ფიქსირდება კონკრეტული ნივთიერების ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში ან საათში, ამბობს მედიკამენტების განვითარების ექსპერტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მოადგილე, მაიკლ კინჩი. CDC-ს მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით დროის შუალედი ორიდან 150 წუთამდე მერყეობს.

როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას:

დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ვაქცინის ნებისმიერ კომპონენთან ალერგიულ ადამიანებს ურჩიეს, აცრა არ გაიკეთონ. ანაფილაქსიის სწრაფად დაძლევა შესაძლებელია ანტიჰისტამინური საშუალებებით, ადრენალინის ნემსებით, რაც ანელებს ან აჩერებს იმუნურ რეაქციებს. ეს მედიკამენტები არ ამცირებს ვაქცინების ეფექტიანობას. აშშ-ში ჯანდაცვის მუშაკები ვაქცინირებულ ადამიანებს 15 წუთის განმავლობაში აკვირდებიან. თუ პაციენტს ალერგიული რეაქციის მძიმე ისტორია აქვს, მას 30 წუთის განმავლობაში აკონტროლებენ. CDC-ს თანახმად, ადამიანებმა, რომლებსაც ალერგიული რეაქცია ჰქონდათ ვაქცინის პირველ დოზაზე, მეორე ინექციის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ვიცით თუ არა, რა იწვევს მსგავს რეაქციებს:

ალერგიის გამომწვევი მიზეზები არ არის ნათელი. Scripps-ის კლინიკური კვლევების ექსპერტისა და დირექტორის, ერიკ ტოპოლის თანახმად, ორი წამყვანი კანდიდატია: პოლიეთილენგლიკოლი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება საკვებში, კოსმეტიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებში და ლიპიდური ნანონაწილაკები, რომლებიც კაფსულსაში ათავსებს მესენჯერის RNA-ს. წარსულში პოლიეთილენგლიკოლი ასოცირდებოდა ანაფილაქსიის რამდენიმე შემთხვევასთან. მას შემდეგ, რაც მიზეზები დადგინდება, კოვიდის ვაქცინები შეიძლება გაკეთდეს კიდევ უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ახლა, ამბობს ტოპოლი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ლაუერმანი და ჯეისონ გეილი