LIVE

მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს

12 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1604
მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს

მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განუცხადა.

მისი განცხადებით, სამინისტრო რამდენიმე სქემაზე მსჯელობს და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

"რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. საბოლოო ჯამში, რომელიმე მათგანზე შევჯერდებით და ეს, სავარაუდოდ, ჰიბრიდული სქემა იქნება. სავარაუდოდ, თეთრ ყურძენს დავასუბსიდირებთ, წითელი ყურძნის დასუბსიდირება არ განიხილება. თეთრი ყურძენი სხვადასხვა ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტების წარმოებაში გამოიყენება. ამ კომპონენტში ომის ფონზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ფერმერებს დახმარება სჭირდებათ",- აცხადებს ლევან მეხუზლა.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, რატომ არ ამბობს უარს მთავრობა რთველის სუბსიდირებაზე და რამდენად უწყობს ხელს აღნიშნული პრაქტიკა დარგის განვითარებას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სუბსიდირების მიზანი დარგის განვითარება არ არის.

"სუბსიდირების მიზანი არასდროს არ არის დარგის განვითარება. რა თქმა უნდა, ვიწრო კუთხით თუ შევხედავთ, ის გარკვეულწილად აფერხებს დარგის განვითარებას, მაგრამ ყურძნის სუბსიდირების მთავარი მიზანი არის ის, რომ გარემო ფაქტორების შედეგად არსებული პრობლემები, შედარებით რბილად და უმტკივნეულოდ დავძლიოთ",-აცხადებს ლევან მეხუზლა და დასძენს, რომ ხელისუფლება 2030 წლამდე თეთრი ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას 40%-მდე შეამცირებს.

შეგახსენებთ, 2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული პრობლემები გამოიკვეთა. კერძოდ, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.