LIVE

იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად 28.1%-ით გაძვირდა

12 ივლ 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 813
იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად 28.1%-ით გაძვირდა

2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 28.1%-ით გაიზარდა და 5.39 ლარი იყო.

ISET-ის მონაცემებით, 2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. კერძოდ, ივნისში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27.8%-ით არის გაზრდილი. ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც:

  • ფქვილი - ფასისი წლიური ზრდა +46.1%;
  • კვერცხი +38.9%;
  • კარაქი +22.7%;
  • რძე +13.9%;
  • საფუარი +13%.

როგორც ISET-ში განმარტავენ, საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

ამასთან, საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა. FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები. საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს",- აღნიშნავენ ISET-ში.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს.