LIVE

Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება

06 თებ 202113:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
Nord Stream 2: მოსალოდნელია მერკელ-ბაიდენის დაპირისპირება
Christian Marquardt/Getty Images

ტრანსატლანტიკური “თაფლობის თვე” ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელდება. რამდენიმე დღესა თუ კვირაში ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს უხერხული საუბარი მოუწევთ. თემა რუსეთი იქნება. 

აშშ-სა და გერმანიას დიდი ხანია წინააღმდეგობა აქვთ თითქმის დასრულებულ მილსადენზე, რომელსაც რუსული გაზი ბალტიის ზღვით პირდაპირ გერმანიამდე მიჰყავს. 

შავ ზღვაში გამავალ კიდევ ერთ, TurkStream-ის მილსადენთან ერთად, ახალი სისტემა ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნას, რომლის გავლითაც ახლა გაზი დასავლეთისკენ მიემართება.  

ევროპისთვის დამაზიანებელი გაზსადენი

Nord Stream 2-ის საკითხზე გერმანია ევროკავშირსა და NATO-სგან იზოლირებულია, რუსეთი ბედნიერია.

მერკელის მთავრობის ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა: Nord Stream 2 წმინდა კომერციული პროექტია, რომელშიც პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ. უფრო მეტიც, იაფი რუსული გაზი აუცილებელი იქნება იმ გარდამავალ პერიოდში, როდესაც გერმანია ნახშირისა და ბირთვული ენერგიიდან განახლებად წყაროებზე გადავა. 

არც აშშ-ს პოზიცია შეცვლილა. ორივე პარტია თანხმდება, რომ Nord Stream 2 გეოპოლიტიკური პროექტია და, თან დამღუპველია. ის აღმოსავლეთ ევროპას, NATO-ს წევრების ჩათვლით, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დაუცველს ტოვებს და პოტენციურად გერმანიას დასავლეთის ალიანსის ყველაზე აშკარა მოწინააღმდეგეზე დამოკიდებულს ხდის.

ამ ამერიკულ შეხედულებას, თითქმის, ყველა იზიარებს, განსაკუთრებით უკრაინაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში და პოლონეთში. ეს უკანასკნელი პროექტის ჩაშლის მიზნით Nord Stream 2-ის მშობელი კომპანიისთვის, Gazprom-ისთვის, უზარმაზარი ჯარიმის დაწესებასაც ცდილობს. საფრანგეთიც კი, რომელიც, როგორც წესი, გერმანიის უახლოესი პარტნიორია, ევროპარლამენტის მსგავსად, გაზსადენის წინააღმდეგია, თუმცა გერმანიასთან ბოლო საუბრის შემდეგ ორი ქვეყანა საერთო პოზიციის შეთანხმების პროცესშია.

დასავლეთის კრიტიკული განწყობა კიდევ უფრო ძლიერი გახდა რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის, დაპატიმრების და აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ. წარსულში, დასავლეთის სანქციებმა პუტინზე განსაკუთრებული ეფექტი ვერ მოახდინა. ბევრი ევროპელი ფიქრობს, რომ სტრატეგიული მილსადენის შეჩერება მის ყურადღებას მიიპყრობს.

ამ კონტექსტში, გერმანიის “სიჯიუტე” შემაშფოთებელია. მილსადენს განსხვავებული ხარისხით მხარს უჭერს ორი პარტია: ცენტრისტული-მემარცხენე “სოციალ-დემოკრატები” და ექსტრემისტული “მემარცხენე პარტია” (აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი კომუნისტური პარტია). ორივე მათგანი ტრადიციულად გამოირჩევა ანტიამერიკანიზმითა და რუსოფილიით.

აშშ-სა და გერმანიას შორის დაძაბულობა ამით მწვავდება. ერთ წელზე მეტია, ვაშინგტონი იმუქრება, რომ დასჯის კომპანიებს,  რომლებიც ჩართულნი არიან გაზსადენის მშენებლობაში, რის შედეგადაც უმეტესობას პროექტის დატოვება მოუწევს და ფაქტობრივად პროექტი შეჩერდება.  გასულ თვეს აშშ-მ პირველად დაუწესა სანქციები ფირმას, რომელიც მილსადენის გასაყვან გემს ფლობს.

ამ "ეკონომიკური იმპერიალიზმის" წინააღმდეგობის გაწევამ, როგორც ამას გერმანელები უწოდებენ, მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის შტატში, სადაც Nord Stream 2 უნდა შევიდეს, საეჭვო თავდაცვითი სტრუქტურა შექმნა. რეგიონში მერკელის საარჩევნო ოლქს მოიცავს, მაგრამ ინიციატივის მამოძრავებელი ძალა შტატის პრემიერი, მანუელა შვესიგია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი პრორუსული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატია. 

ეს სტრუქტურა საზოგადოებრივი ფონდია, რომელსაც  კლიმატისა და გარემოს დაცვის ნომინალური (ამასთან, საკმაოდ ირონიული) მისია აკისრია. თუმცა მეკლენბურგმა მისთვის მხოლოდ 200,000 ევროს (240 520 აშშ დოლარი)  გამომუშავება მოახერხა, მაშინ, როცა  მილსადენის პროექტიდან (შესაბამისად, გაზპრომიდან) 20 მილიონ ევროს იღებენ. ფონდის წესდება  Nord Stream 2-ს საშუალებას აძლევს შესთავაზოს მმართველი დირექტორი და აირჩიოს საბჭოს ორი წევრი.

ასე რომ, ფონდს საფუძველი აქვს გვერდი აუაროს ამერიკულ ზეწოლას. იურიდიული ფარების გამოყენებით, გერმანიის კანონი ასეთ სუბიექტებს საშუალებას აძლევს, ამერიკული სანქციების მიუხედავად, შეიძინონ და შეინახონ მასალები და მანქანები, რომლებიც საჭიროა მილსადენის მშენებლობის დასრულებისთვის.

იმედისმომცემი ისაა, რომ ეს ამბავი გერმანიაშიც კი სკანდალურია.  გარემოსდაცველების ფონდის საქმიანობას “ფარსს” უწოდებენ და მის წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლოს მიმართეს. 

კიდევ უფრო გამამხნევებელია, ის, რომ მესამე გერმანულმა მემარცხენე პარტიამ, “მწვანეებმა”,  თავისი მორალური და გეოსტრატეგიული კომპასი იპოვა. მისი ლიდერები, ანალენა ბაერბოკი და რობერტ ჰაბეკი Nord Stream 2-ის შეჩერებას ითხოვენ. მერკელის “ქრისტიან-დემოკრატებსა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შორის, ასევე არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა.

მაგრამ ერთი რამ კვლავ ამოუხსენელი რჩება: რატომ “ეჭიდება” გაზსადენს  თავად მერკელი? მან კარგად იცის პუტინის მეთოდები და თუ ნავალნი დღეს ცოცხალია, ეს მეტწილად მისი გერმანიაში გადაყვანის გადაწყვეტილების წყალობით არის.

ჩემი ვარაუდია, რომ Nord Stream 2-ს მეშვეობით, მერკელი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციაში მშვიდობას ინარჩუნებს. მაგრამ მან ასევე იცის, რომ ეს პარტნიორობა სექტემბრის ფედერალურ არჩევნებამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე მის ადგილზე ახალი მთავრობა დაიკავებს.  დიდი ალბათობით, “ქრისტიან-დემოკრატები” ხელისუფლებაში, ამჯერად “მწვანეთა” პარტნიორობით, დარჩებიან.

შესაძლოა, არსებული სიტუაცია, ჩიხიცაა და საფრთხის შეჩერების საშუალებაც. ამით მას პუტინის კონტროლის საშუალება აქვს, რადგან პუტინს 11,4 მილიარდ დოლარის ბალტიის ზღვის ქვეშ ჩაძირვა განარისხებს. ეს ასევე არის საშუალებას მისცემს მილსადენის საკითხის გადაწყვეტამდე, ისაუბროს ბაიდენთან თანამშრომლობის სხვა სფეროებზე, დეკარბონიზაციით დაწყებული თავდაცვით დამთავრებული, სანამ მილსადენი გადაწყვეტს.

მან იცის, რომ გარკვეულ ეტაპზე, თუ ეს ხელსაყრელი იქნება, ახალ კონსერვატიულ-მწვანე მთავრობას შეუძლია განაცხადოს: რომ ეს მილსადენი არასდროს უნდა აშენებულიყო და ის, ჰაერის გარდა, არაფერს შეიცავდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი