LIVE

TBC Capital-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წლის ბოლოსთვის ელის

11 ივლ 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
TBC Capital-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წლის ბოლოსთვის ელის

TBC Capital-ის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია დაბალი იქნება და შედეგად, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი მეტად შემცირდება. TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მომდევნო წელს დაუახლოვდება.

„საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ფასების შემცირება და ლარის გამყარება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო თვეებში ყოველთვიური ინფლაცია უკვე დაბალი იქნება, რაც ჩვენი აზრით, წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის შედარებით მეტად შემცირებას გულისხმობს.

წლიური ინფლაციის მხრივ, სამიზნესთან დაახლოების მოლოდინი მხოლოდ მომდევნო წელსაა რეალისტური“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, ლარის გამყარების მცირე პოტენციალი ჯერ ისევ არის. 

„ბოლო პერიოდში აშშ დოლარი რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებით გამყარდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გამყარების, მართალია მხოლოდ მცირე, მაგრამ პოტენციალი კვლავ არსებობს.

ევრო/დოლარის წყვილს რაც შეეხება, ახლო პერსპექტივაში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.

სადღეისოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროს დამატებით დასუსტება გაზრდილი ენერგომატარებლების ფასების გამო ევროზონის სავაჭრო ბალანსის გაუარესებამაც გამოიწვია. თანაც, გლობალური რეცესიის რისკების ზრდა დოლარის მხარდამჭერი არგუმენტია. ამავდროულად, ჩვენი აზრით, უფრო სანდო, საშუალო ვადიანი ინდიკატორები ევროს გამყარებაზე მიუთითებს.

საკუთრივ, დოლარის გამყარება უფრო იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში ის გაუფასურდება, ვიდრე პირიქით“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. უკვე ერთი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. 

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, 22 ივნისის სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა