LIVE

ენერგეტიკაში ნაციონალიზაციის ტალღა იწყება

11 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
ენერგეტიკაში ნაციონალიზაციის ტალღა იწყება

ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ნაციონალიზაციის ტალღას იწვევს.

საფრანგეთის მთავრობა სრულ კონტროლს აიღებს ფინანსურ პრობლემებში მყოფ ბირთვულ გიგანტ EDF-ზე. გერმანია ჩქარობს, მიიღოს კანონმდებლობა და გადაარჩინოს საკუთარი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Uniper-ი.

ევროკავშირი აპირებს, გამოაცხადოს გეგმა მიმდინარე კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შესამცირებლად, ენერგიის დაზოგვის მიზნით და უკეთ მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. გეგმა განიხილება ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ექვსი დღის შემდეგ, რაც საფუძველს შექმნის ზაფხულისთვის რეგიონის გაზის საცავების შევსებისთვის.

Bloomberg-ი გლობალური კრიზისის საფრთხის შემქმნელ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. 

მწვანე გაზი - ევროპის გადაწყვეტილებამ გაზი და ატომური ენერგია მწვანე აქტივებად განიხილოს, გამოიწვია ფონდების მენეჯერების, კლიმატის აქტივისტებისა და მათი ადვოკატების კრიტიკა. ისინი ამტკიცებენ, რომ ბლოკმა ხელიდან გაუშვა მდგრადი ინვესტიციების ჩამოყალიბების ისტორიული შესაძლებლობა. 

კრიზისი ბრიტანეთში - მიუხედავად ბორის ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვებისა, Brexit-ის შემდგომი ბრძოლა გრძელდება. მაროს სეფკოვიჩმა, ევროკავშირის Brexit-ის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მიანიშნა, რომ ბლოკმა შესაძლოა საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესოს დიდ ბრიტანეთს, რამდენადაც გაერთიანებული სამეფო აპირებს, გააუქმოს გასვლის შეთანხმების ნაწილები.

ევროს პრობლემები - ევროპული ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის. მოვაჭრეები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ევროსა და დოლარს შორის პარიტეტი გარდაუვალია. ერთიანი ვალუტა ბოლო 20 წლის დაბალ დონეზეა, რადგან ინვესტორები რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის ემზადებიან.

ფისკალური საფარი - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმა პირობა დადო, რომ გერმანელებს დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევდა, რათა შეემსუბუქებინა ცხოვრების მზარდი ტვირთი. მისმა ადმინისტრაციამ მიიღო ორი პაკეტი ფასების ზრდის ზემოქმედების შესამცირებლად და აცხადებს, რომ მეტი მოქმედება იქნება საჭირო.

გაფიცვა საფრანგეთში - საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლებმა თანამდებობა დატოვეს ხელფასების შესახებ დავის გამო, რამაც გაამწვავა შეფერხებები ევროპაში მოგზაურობისას. ამას მოჰყვა გაფიცვები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში. პროფკავშირები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორ SNCF-ის თანამშრომლებს, ითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს ინფლაციის დასაკომპენსირებლად. ეს ნაბიჯი გაზრდის ზეწოლას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე, რათა მიიღოს ზომები მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის გასაძლიერებლად.

მიგრანტები - ავტომომწოდებელმა Continental-მა განაცხადა, რომ გერმანიას სჭირდება მეტი უცხოელი მუშაკი და უფრო ეფექტური პოლიტიკა მათი შრომის ბაზარზე ინტეგრირებისთვის, თუ ქვეყანას სურს მომავალში მისი სოციალური უსაფრთხოების სისტემების კოლაფსი არ დადგეს. მისი შეფასებით, გერმანიას ათწლეულის ბოლოსთვის შეიძლება 5 მილიონით ნაკლები მუშახელი ჰყავდეს.

მარცვლეულის ბლოკადა - უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა ეჭვი შეიტანა მოლაპარაკებებში ომში განადგურებული ქვეყნის შავი ზღვის პორტებიდან მოსავლის ექსპორტის განბლოკვის შესახებ, რადგან შიმშილის გლობალური კრიზისის შიში გაძლიერდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში საჭიროა მრავალი ლოგისტიკური დეტალის შემუშავება, თუმცა ჩიხიდან გამოსვლა რთული იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ აინგერი