საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) თვლის, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ოფიცრის როლს ფინანსთა სამინისტრო უნდა ასრულებდეს და არა ეკონომიკის სამინისტრო.
IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, ჯიჰად აზურმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „ბიზნეს ფორმულაც“ ესწრებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ფარგლებში, ფონდმა მთავრობას მართვის ისეთი მოდელი შესთავაზა, სადაც ფინანსურ ნაწილში წამყვანი როლი ფინანსთა სამინისტროს აქვს.
აზურის განმარტებით, ფონდმა შეაფასა სახელმწიფო საწარმოების საქმიანობა, მათი ფისკალური ხარჯი და გავლენა ბიუჯეტზე, ასევე ისიც, თუ რამდენად უწყობენ ისინი ხელს სამუშაო ადგილების შექმნას, საბოლოოდ კი მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესება სამი მიმართულებით.
„ამ საწარმოებს აქვთ რიგი ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ამ ვალდებულებებს - საკუთარი გავლენა ბიუჯეტზე. ეს ვალდებულებები უნდა აღირიცხოს და დაწესდეს მათზე სათანადო ფინანსური კონტროლი. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსური საჭიროებების კონტროლი მთლიანად ფინანსთა სამინისტროს გადაეცეს. ეს არის განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა - ევროპაში, ამერიკაში ან აზიაში - ფინანსური კონტროლის ფუნქცია აქვს ფინანსთა სამინისტროს. რადგან ამ უწყებას აქვს უფრო ფართო ხედვა ყველანაირი ტიპის ფინანსებზე და შეუძლია ფინანსური ოფიცრის როლის სწორად შესრულება. ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიიღოს, მაგრამ მან უნდა შეასრულოს ფინანსური ოფიცრის როლი. ის საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა რისკები მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან და ეს რისკები გაითვალისწინოს იმ ფართო მიდგომაში, რომლითაც მართავს სახელმწიფო ფინანსებს,“- განაცხადა ჯიჰად აზურმა.
მისი თქმით, მეორე და მესამე მიმართულება სადაც მთავრობას ასევე აქვს სამუშაო არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან. ამ მიზნის მიღწევა კი სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების ფუნქციების ლიმიტირების გზით იქნება შესაძლებელი.
"ისინი არ უნდა მოდიოდნენ წინააღმდეგობაში კერძო სექტორთან, რადგან კერძო სექტორი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წყაროა. ამიტომ, ყველაფერში, რასაც კერძო სექტორი აკეთებს, საჯარო სექტორი მას მხარს უნდა უჭერდეს და არა პირიქით. გარდა ამისა, ზრდისთვის და განვითარებისთვის კერძო კომპანიებს, სტარტაპებს, ეკონომიკაში დამატებითი სივრცე სჭირდებათ. იმისთვის, რომ ეს სივრცე გაჩნდეს, სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა იყოს ლიმიტირებული, რათა მათ ხელი არ შეუშალონ კერძო სექტორის განვითარებას,“- განაცხადა ჯიჰად აზურმა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯიჰად აზური მედიის წარმომადგენლების გარდა პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკური გუნდის მინისტრებს და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.
გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი სადაც დავითაშვილი ზოგადად აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს იქნება ორი მნიშვნელოვანი რეფორმა და მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის რეფორმასაც ასახელებს. მისი თქმით, ამ რეფორმაზე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებს და "ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში არსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საკითხები." მინისტრის კომენტარში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსური კონტროლი ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა უნდა გახდეს.
ცნობისთვის, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს $22.1 მილიარდიანი საგარეო ვალიდან სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებსა და სესხებზე, შესაბამისად, $438.5 მილიონი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 %) და $1.2 მილიარდი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3%) მოდის.
2020 წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამურმა ზარალმა 660 მლნ ლარი შეადგინა. უარყოფითი ფინანსური შედეგების ფონზე, უკვე არაერთი წელია სავალუტო ფონდი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ფისკალურ რისკად სახელმწიფო კომპანიებს ასახელებს და მთავრობას მათი რეფორმისკენ მოუწოდებს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე მოხსენებაში ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი უმთავრეს წყაროდ სწორედ სახელმწიფო საწარმოებს ასახელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.
მთავრობის მიერ ფისკალური რისკების ანალიზისთვის გამოყენებული სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა 346-ია. აქედან ეკონომიკის სამინისტროს მართვაში 130 სახელმწიფო საწარმოა.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია 91 სახელმწიფო საწარმო. აღსანიშნავია, რომ სააგენტო მიერ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია დაბალი ტემპებით მიმდინარეობს. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე, მხოლოდ 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა.