LIVE

ბორის ჯონსონის კაბინეტს მინისტრები ტოვებენ - რა ელის ბრიტანეთის პრემიერს?

06 ივლ 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 831
ბორის ჯონსონის კაბინეტს მინისტრები ტოვებენ - რა ელის ბრიტანეთის პრემიერს?
Justin Tallis/PA Wire

ბორის ჯონსონის მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბუნდოვანი ხდება. თანამდებობები მინისტრთა კაბინეტის წამყვანმა წევრებმა დატოვეს. პოსტები პროტესტის ნიშნად დატოვეს ხაზინის კანცლერმა რიში სუნაკმა და ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდიმ. 

ბორის ჯონსონი ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი გაყოფილ კონსერვატორებზე. პრემიერ-მინისტრმა ნადჰიმ ზაჰავი რიში სუნაკის ნაცვლად დანიშნა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის პოსტი საჯიდ ჯავიდის ნაცვლად სტივ ბარკლეიმ დაიკავა. ზაჰავის დაწინაურების შემდეგ განათლების მინისტრად მიშელ დონელანი დაინიშნა.

ახალი მინისტრების დანიშვნით ბორის ჯონსონი მთავრობის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, მეამბოხე კონსერვატორები ჯერ კიდევ ეძებენ გზებს პრემიერის გადასაყენებლად სკანდალების სერიის გამო, რომლებმაც შეარყია მისი პოზიცია.

ჯონსონის მიმართ რისხვა თვეების განმავლობაში ძლიერდებოდა. ის გახდა პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაარღვია კანონი, როდესაც დაჯარიმდა დაუნინგ სტრიტზე უკანონო წვეულებებისთვის პანდემიის დროს.

უახლესი სკანდალი გასულ კვირას ატყდა. კონსერვატორი კრის პინჩერი გადადგა მას შემდეგ, რაც მედიამ ორი ადამიანის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პინჩერის წინააღმდეგ უფრო მეტი ბრალდება გამოჩნდა შაბათ-კვირას და დაუნინგ სტრიტი იძულებული გახდა, შეეცვალა პოზიცია იმის შესახებ, თუ რა იცოდა მომხდარის შესახებ ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ პინჩერის დაწინაურება “შეცდომა” იყო. მიუხედავად იმისა, რომ პინჩერმა უარყო ბრალდებები კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით, მან გადადგომის წერილში თქვა, რომ “თავი შეირცხვინა” და სხვები “გააბრაზა”. 

ჯონსონმა ნათლად აჩვენა, რომ არ აპირებს ამბოხებულებისთვის საქმის გამარტივებას თანამდებობის დატოვებით. ზაჰავის დაწინაურება განიხილება, როგორც ჯილდო ლოიალობისა და კომპეტენციისთვის. 

ჯონსონის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის განვითარებულმა მოვლენებმა დიდად დაასუსტა. რიში სუნაკის წასვლა ეკონომიკისთვის კრიტიკულ მომენტში მოხდა, როდესაც ინფლაცია მძიმედ აზარალებს შინამეურნეობებს და დასაქმებულების მხრიდან გაფიცვები იფეთქებს.

ექვსი წლის შემდეგ, რაც ჯონსონმა წარმატებით მოუწოდა ბრიტანელებს, ხმა მიეცათ ევროკავშირის დატოვებისთვის, Brexit-ის ეკონომიკურმა არგუმენტებმა შედეგი არ გამოიღო. მან “გათანაბრება” აქცია ქვეყნის ეკონომიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელ ფაქტორად, მაგრამ ვერ შეიმუშავა თანმიმდევრული პოლიტიკა მის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების მიღმა.

ჯონსონს ახლა კიდევ უფრო გაუჭირდება “ტორების” პარტიის სხვადასხვა ფრაქციის შენარჩუნება, რადგან ცდილობს გადაჭრას პრობლემები დიდი ბრიტანეთის წინაშე. საბოლოო ჯამში, ბორის ჯონსონის გადარჩენა რჩება ციფრების თამაშად. აჯანყებულები ცდილობენ მოიპოვონ უმრავლესობა. ამისთვის, შესაძლოა, პარტიის წესების შეცვლა დასჭირდეთ, რათა კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი პრემიერის მიმართ ნდობის საკითხს.

იყო მინიშნებები, რომ სუნაკის და ჯავიდის გადადგომამ კიდევ უფრო გააძლიერა აჯანყებულები. 5 ივლისს ალექს ჩალკი გადადგა გენერალური ადვოკატის თანამდებობიდან. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო თემთა პალატაში მისმა მხარდამჭერმა, ჯონათან გულისმა, ასევე მთავრობის სხვა უმცროსმა ფიგურებმა, მათ შორის ვირჯინია კროსბმა, პარლამენტის კერძო მდივანმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიტი დონალდსონი, ჯო მეისი და ელენ მილიგანი